გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არც ტრანსანატოლიურ და არც ტრანსადრიატიკულ გაზსადენს არაფერი ემუქრება, რადგან იქ უკვე ყველაფერი დაკონტრაქტებულია, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე გასატარებელი გაზის მოცულობა. ამის შესახებ პრემიერმა კითხვაზე, ხომ არ შეუქმნის პროექტს საფრთხეს რუსეთისა და თურქეთის მოლაპარაკებები, საპასუხოდ განაცხადა.
"მოპოვებიდან დაწყებული რეალიზაციით დამთავრებული, იქ ყველაფერი დალაგებულია. ამიტომ, ამ სურათს ვერაფერი შეცვლის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის შემაერთებელი გაზსადენის საკითხს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გარკვეული არ არის. "ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.