თბილისის მერიამ საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით 5 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, თუმცა ფაქტია საცობები კვლავ მთავარ პრობლემად სახელდება. თბილისის მერი საცობებს ავტომობილების რაოდენობას აბრალებს, არასამთავრობო სექტორი კი მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. რას უკავშირებენ და როგორ წარმოუდგენია დედაქალაქის მერიას საცობების განტვირთვა.
ის, რაც თბილისის მოსახლეობის ალბათ 90% აინტერესებს, როდის მოგავრდება დედაქალაქში საცობების პრობლემა და ქალაქში ალტერნატიული პარკირების ადგილები როდის გაჩნდება, - თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.
-მერი საცობების მთავარ მიზეზად ავტომობილების რაოდენობის ზრდას ასახელებს, თუმცა, ეს შეუქცავადი პროცესია. თბილისის მერია საცობების განსამუხტად რა გზებს ეძებს?
-მართლაც, თბილისის მოსახლეობას რაც აწუხებს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გარემოს დაცვით საკითხებთან ერთად, სწორედ თბილისში გადაადგილებაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტომობილების მზარდი რიცხვია. მეტი სიმართლისთვის ციფრს დავასახელებ. 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით თბილისში ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა და დღემდე იზრდება. ეს რიცხვი მზარდია, რადგან ავტომობილებზე ხელმისაწვდომობა მაღალია. საკმაოდ საინტერესო ციფრს გეტყვით, თბილისის ოჯახების 50% შეიძლება საკუთარი ავტომობილი არ ყავდეს, თუმცა დანარჩენ ნაწილში 2 და 3 ავტომობილი მოდის ოჯახებზე. ეს იმ კვლევის შედეგია, რომლის პრეზენტაციაც ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება. ამიტომ ეს მზარდი რიცხვი ბუნებრივია მაღალ ინტენსივობას ქმნის და ესაა ის, რაც პიკის საათებში საცობებს იწვევს. ჩვენ იმისათვის, რომ ეს პრობლემა ნაკლებად მწვავე იყოს ის მიმართულებები გავაკეთეთ, რომელიც 5 პუნქტიან გეგმაში ავსახეთ.
საცობი არის, როდესაც ავტომობილები რამდენიმე საათი დგანან ქუჩაში. თქვენ თუ გინახავთ საცობი რა არის სტამბოლში, კიევში, ვარშავაში თუ მოსკოვში, ის რაც თბილისში ხდება, პრაქტიკულად შედარებაც არ შეიძლება. თუმცა, ის, რომ ეს მოსახლეობას აწუხებს, ფაქტია. ამიტომ ბუნებრივია, პირველ რიგში, ავტომობილების ამ მზარდ რიცხვს შესაბამისი ღიონისძიებებით უნდა ვუპასუხოთ. პირველი, ეს არის ინფრასტრუქტურული ნაწილი, ეს არის ახალი გზები. პუშკინის ესტაკადის მოწყობამ პრაქტიკულად სოლოლაკის შიდა ქუჩები მნიშვნელოვნად განტვირთა, განსაკუთრებით ასათიანი. მახათის გზამ მნიშვნელოვნად განტვირთვა ასევე ავლაბრის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო თბილისის ზღვაზე კაპიტალურად შეკეტებულმა გზამ ნაკადები ცენტრიდან ამ შემოვლითი გზით გადაისროლა. კვანძი, რომელიც სააკაძის მოედანზე გაკეთდა ერთ-ერთი უსაფრთხო კვანძია და არც ერთი შემთხვევა არ მომხდარა და თუ არ ჩავთვლით პირველ დღეს, როდესაც დინამოს ნაკრების თამაში იყო, იქ მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა. სხვადასხვა უბნებში პერიოდულად გაჭედვები არის, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე სარემონტო სამუშაოებსა და პიკის საათებს უკავშირდება.
-როდესაც საცობების განმუხტვზაე ვსაუბრობთ, არის საკითხი სადისტრიბუციო ავტომობილებზე, მეორე საკითხი დასუფთავების მანქანებისა და ასევე ტაქსების ლიცენზირებაა ამ ყველაფერზე მიბმული და ტრამვაის ხაზი. ტაქსების ლიცენზირებისა და ტრამვაის ხაზის მოწყობა განიხილება თუ არა ახლა?
-5 მიმართულებას ჩამოვთვლი, რომლის ქვეშაც არის მთლიანად ამ ღონისძიებების ორწლიანი სქემა, ესენია: ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რეგულაციები, საზოგადოებრივი კამპანიები და ტექნოლოგიური ნაწილი.
დისტრიბუციის ავტომობილებზე ჩვენ მემორანდუმი გვაქვს ბიზნესასოციაციასთან. პილოტურ რეჟიმში ვიყავით და ამას გავაგრძელებთ. ეს არის დაახლოებით 20-მდე ქუჩაზე საღამოს, პიკის საათში დგომის შეზღუდვა და არა გადაადგილების და ამან გარკვეულ ქუჩებზე ჩვენ შეღავათი მოგვიტანა. არის ასევე დასუფთავების მანქანები 50-ზე მეტ ქუჩაზე დილის და საღამოს პიკის საათებში 2 საათიანი შეზღუდვები და ესეც გარკვეულ შეღავათს იძლევა. ტაქსის რეგულეციებზე ვფიქრობთ, ვამუშავებთ და დაახლოებით თვენახევარში პირველი ეტაპის რეგულაციების ნაწილი უკვე გვექნება, რომელსაც საზოგადოებას შევთავაზებთ და ვფიქრობთ, რომ ესეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. პირველი ეტაპი ორ მიმართულებას, ავტომობილის და მძღოლის უსაფრთხოების ნაწილს უკავშირდება, რამაც მთლიანობაში ეს სერვისი ხარისხობრივად უნდა გააუმჯობესოს. რაც ასევე კვლევების მიხედვით, თბილისელების ერთ-ერთი წუხილია. გარდა ამისა, თბილისის მერიის გარეთ არსებული კომპეტენციები რეგულაციის ნაწილში, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, ეს არის ტექდათვალიერების კომპონენტი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგულაციის კომპონენტი. ტრამვაის რაც შეეხება, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულება, რომელიც საცობების მართვაში მეორე მიმართულებად გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროექტს მხარს ვუჭერთ, თუმცა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ეს გრძელვადიანი პროექტია, რადგანაც მას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი ჭირდება და დღეს ჩვენ ეს ფინანსური რესურსი გვირჩევნია ავტობუსების პარკის გაუმჯობესებას და მეტროს ვაგონების და იგივე სადგურების რეაბილიტაციის მიმართულებას მოვახმაროთ, რადგან ესეც მნიშვნელოვან კაპიტალურ ხარჯებს საჭიროებს.
- არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება როდის მოხდება, ეს რა პერიოდის პერსპექტივაა?
-მე ვერ გეტყვით იმ კომპეტენციების შესახებ, რაც ჩვენს ფარგლებს სცდება, თუმცა არის განსაზღვრული ვადები, როდის უნდა შემოვიდეს ტექდათვალიერება და როდესაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მიმართულებით გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მოხდეს. ჩვენ ნაწილს რაც შეეხება, ჩვენი განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე გარკვეულ შედეგებს იძლევა და რომ არა ეს პროექტები პრობლემა ბევრად უფრო მწვავე იქნებოდა. რეგულაციების ნაწილშიც გარკვეული შედეგები გვაქვს. იგივე კვანძების მოწყობის ნაწილშიც გარკვეულ შედეგებს მივაღწიეთ.
-შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017 წლის ბოლოს უკეთესი მდგომარეობა იქნება, ვიდრე დღეს არის?
-უნდა შევადაროთ ავტომობილების ზრდის ტემპი იმ ღონისძიებებისგან მიღებულ შედეგთან, რომელსაც ჩვენ დავდებთ. თუმცა, გააჩნია რეგულაციებსაც, შეიძლება რეგულაციებმა გარკვეული კატეგორიის ავტომობილების შემოსვლა შეზღუდოს, მაგრამ ავტომობილების მზარდი რიცხვია და ჩვენ უბრალოდ ამ ღონისძიებებს ვპასუხობთ. ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური განვითარებაა. არა მხოლოდ გზების შენება და გაუმჯობესება, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რამაც შესაძლოა აღნიშნულ პრობლემას ყველაზე კარგად უპასუხოს.