ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელის სოსო ნიბლაძის განცხადებით, თიზ-ების შესახებ კანონში ცვლილებები სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
როგორც ნიბლაძე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, მას შემდეგ კი ქვეყანაში საგადასახადო კუთხით რეფორმები გატარდა, ამიტომ საჭიროა რომ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, კანონში ცვლილებები განხორციელდეს.
"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაუქმდეს 4%-ანი გადასახადი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ქართული ნედლეულის თუ ძირითადი საშუალებების თიზ-ში იმპორტისას.
შესაძლოა ასევე ვისაუბროთ თიზ-ში ნაწარმოები პროდუქციის საქართველოში იმპორტისას შემცირდეს გადასახადი, რადგან მოხდეს კიდევ უფრო წახალისება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ‘თიზებს“ უპირატესობა გადასახადების თვალსაზრისით ეკარგება ამ ეტაპზე და ეს უნდა შეიცვალოს. ამ საკითხებზე ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მთავრობასთან, მათ ესმით პრობლემის არსი და უახლოეს პერიოდში ველოდებით, რომ ეს ცვლილება მოხდება", - განაცხადა ნიბლაძემ.