Home
Category
TV Live Menu

ტურისტული კომპანიები სექტორის ლიცენზირებას ითხოვენ

58957e0f92471
BM.GE
04.02.17 11:07
1177
ის ტურისტული კომპანიები, რომელთაც ბაზარზე საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ, პირდაპირ მიუთითებენ, რომ ტურიზმის სექტორი სრულიად უმართავი გახდა, რადგან დღეს ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, ყოველგვარი გამოცდილების და პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლია გახსნას ტურისტული სააგენტო. შედეგად, მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ იღებს იმ სერვისს, რასაც ყიდულობს. ტურისტული ბიზნესი გამოსავალს კომპანიების სერთიფიცირებაში ხედავს, რადგან თვლიან, რომ ძალიან ბევრი ტურისტული სააგენტოს საქმიანობის პრინციპები რეგულირებული არ არის, რითაც მათი იმიჯი სერიოზულად ზიანდება.

"ხშირად ტაქსისტებიც კი სთავაზობენ ტურისტებს მომსახურებას და ამით კონკურენციას უწევენ კომპანიებს. თუ ლიცენზირებას მივიღებთ, რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარება სათანადო მომსახურება გავუწიოთ ტურისტს’’-აცხადებს ჯორჯიან თრეველ გრუპის ხელმძღვანელი თამთა ფოფხაძე.

"დარგის ლიცენზირების შემოღების თხოვნით ბევრი კომპანია მიმართავს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს", - ამბობს "გალერი თრეველ თბილისის" ხელმძღვანელი. თამუნა ქათამაძის თქმით, ადმინისტრაციამ განუცხადათ, რომ მათ არ უნდათ ხელი შეუშალონ კერძო ბიზნესს, რადგან ეს გამოიწვევს ბევრი ტურისტული სააგენტოს დახურვას. ,,ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს. თუ პრეტენზია გვაქვს ჩარტერზე და გვინდა ბევრი ტურის"ტის შემოყვანა, კომპანია უნდა იყო ლიცენზირებული’’-აცხადებს თამუნა ქათამაძე.
ტურისტული კომპანიების ლიცენზირების მომხრეა ავიაკომპანია "ატლას გლობალის" კომერციული დირექტორიც. თამუნა თანდაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება ნახევრად სახელმწიფო და ნახევარად კერძო იყოს, ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის არამხოლოდ ნებართვების გაცემით დაკავდება, არამედ სექტორს სხვადასხვა ტურისტული ბაზრების მოძიებაში დაეხმარება.

"ორგანოს ამოცანა, რომელიც გასცემს ლიცენზიებს, უნდა იყოს სხვადასხვა ავიამიმართულების განვითარება და იქ ტურისტული პოტენციალის მოძება და შემდგომ იმ ლიცენზირებული ტუროპერატორის დაკავშირება უცხოეთის ტუროპერატორებთან. თუკი მოახერხებს სახელმწიფო ან კერძო სექტორი ასეთი ორგანიზაციის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს არამარტო ნებართვების გაცემას, არამედ მათი საქმიანობის განვითარებას, მაშინ ეს სარგებლის მომტანი იქნება", - განმარტავს თანდაშვილი.

რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პოზიციას, გიორგი ჩოგოვაძე დღევანდელი სისტემის ნაკლოვანებებს აღიარებს. მისი განმარტებით, ლიცენზირებას როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა ადმინისტრაცია მზად არის გადაწყვეტილება კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის ფორმატში მიიღოს.

"ერთის მხრივ არსებობს ნაკლოვანებები დღევანდელი სისტემის. მეორეს მხრივ შეიძლება ლიცენზირება ტურისტული ნაკადების შემცირებას გულისხმობდეს. ჩვენ ფართომასშტაბიან კონსულტაციებს და შეხვედრებს გავმართავთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა ყველას ქონდეს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი არგუმენტები. ამაზე უნდა იყოს ფართო კონსესუსი ტურიზმის სექტორის’’-აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day