Home
Category
TV Live Menu

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის 14 მიზნობრივ ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

58e0a5a572f30
BM.GE
02.04.17 11:15
1024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის მზადებას იწყებს, - თემის დეტალებზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საუბრობს.

-ბატონო გიორგი, ძირითადად რომელ ქვეყნებში ჩატარდება ზაფხულის მარკეტინგული კამპანია?

-ზაფხულის მარკეტინგული კამპანია ორ ძირითად ელემენტს მოიცავს. ეს არის ინტერნეტ-კამპანიები და ის მოიცავს 14 ქვეყანა.

-აღნიშნული 14 ქვეყნიდან ახალი რომელია?

-ეს არის სპარსეთის ყურის ქვეყნები. ასევე აქცენტირება კეთდება ევროკავშირის ქვეყნებზე, რადგან საქართველო ევროპისთვის უფრო ახლო ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზრდება და ეს შესაბამისად ტურისტული ნაკადების ზრდას გამოიწვევს. ჩვენი პოლიტიკა ისედაც გახლდათ ის, რომ ახალ ფრენებთან ერთად, ჩვენ ფეხ და ფეხ მივდევდით ამ სიახლეებს აქტივობებითა და პრეზენტაციებით ამა თუ იმ ბაზარზე. ეს მარკეტინგული კამპანია, რა თქმა უნდა, იმასაც მოემსახურება, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და სხვა ბაზრებიდან მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ჩვენ ქვეყანაში.

პარალელურად ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე ისეთ აქტივობებს ვაგრძელებთ, როგორიც არის პრეზენტაციების ჩატარება, სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობა და იქიდან ჩამოყვანა, როგორც ტურისტული კომპანიების, ასევე მედიის წარმომადგენლების.

-სატელევიზიო რეკლამა რომელ 4 ქვეყანაში ხორციელდება?

-4 ქვეყანაში განხორციელდება სატელევიზიო ვიდეო-რგოლის ტრანსლირება. ეს არის ზაფხულის საპრომოციო რგოლები და ქვეყნებია: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი და ყაზახეთი.

-საკმაოდ მზარდი იყო ირანის მიმართულება და რამე სიახლეს ხომ არ გეგმავთ, მიმდინარე წელს ირანის ბაზარი მიზნობრივია ზაფხულის სეზონზე?

-ირანის ბაზარი, რა თქმა უნდა, მიზნობრივია და რჩება კიდეც. როგორც კი ვიზა მოიხსნა, ჩვენ ძალიან აქტიურები ვიყავით, რომ მათთვის რაც შეიძლება მოკლე დროში გამხდარიყო საქართველო აქტუალური ტურისტული მიმართულება. შედეგმა არ დააყოვნა და არა თუ გაიმეორა ის ისტორიული შედეგი, რომელიც 2012 წელს იყო, არამედ ის შედეგი 45%-ით გააუმჯობესა. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, თუმცა იქ ის მარკეტინგული ხერხები არ არის გამოყენებული, როგორიც სატელევიზიო და ინტერნეტ-რეკლამაა.

-რუსეთის მიმართულებით თუ აპირებთ კამპანიის გააქტიურებას?

-რუსეთი პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. იმ ტურისტების ნაწილში, ვინც 24 საათი და მეტი რჩებიან საქართველოში, ამ მხრივ, რუსეთი პირველ ადგილზეა. შესაბამისად მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობებს ვგეგმავთ აღნიშნული მიმართულებით. მითუმეტეს, რომ ჩვენ სამთავრობოთშორისო ურთიერთობები არ გაგვაჩნია, ფაქტიურად ჩვენი აქტივობები ერთადერთ საშუალებად ითვლება.

-სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან რა პოტენციალის ათვისებას გეგმავთ მიმდინარე წელს?

-სპარსეთის ყურის ქვეყნები ტურისტების სახით საქართველოში წარმოდგენილი არ იყო. ჩვენი აქტიურობით პირველ ეტაპზე მოხდა ის, რომ ჩვენ რეზიდენტებს უვიზოდ მიმოსვლის საშუალება მივეცით, ანუ არა მოქალაქეებს, ვინც სპარსეთის ყურის ქვეყნებში ცხოვრობს და შემდეგ ჩვენს მიერ განხორციელებულმა სწორმა მარკეტინგულმა კამპანიებმა გამოიწვია ის, რომ ასეულობით პროცენტიანი ზრდა იყო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რაც ავიაკომპანიების რეისების რაოდენობაზეც აისახა. აღნიშნულ ფრენებზე 90%-ზე მეტი ტურისტები ჩამოდიან. კამპანიების დაგეგმვის ნაწილში ჩვენი პარტნიორი მსოფლიოში უდიდესი კომპანია Google იყო, რომელთან ერთადაც ჩვენ ანალიტიკის ნაწილში, ქართველი სპეციალისტების ე.წ. დატრენინგების ნაწილში ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. კორპორაცია Google-ი გვეხმარებოდა ინტერნეტ-კამპანიების დაგეგმვაში. დღესაც აქ არიან კომპანიის წარმომადგენლები. ჩვენ ორ ოფისთან ვმუშაობთ და ზოგადად ასეთი ტიპის საერთაშორისო პარტნიორების ყოლა მნიშვნელოვანია, რადან რაც კი რამე გამოცდილებაა მსოფლიოში, ჩვენ ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ.

-ზაფხულის სარეკლამო კამპანიისთვის რა ბიუჯეტია გათვალისწინებული?

-ზაფხულის ონლაინ-კამპანიებისთვის 3.5 მილიონი ლარი დაიხარჯება და ძირითადი ის ცნობილი პლატფორმები იქნება, რაც მსოფლიოში არსებობს Facebook, Google, Youtobe, Instagram და ა.შ. ესეც ჩვენი არჩევანი იყო, რომ კონკრეტულად ისეთ ცნობილ პლატფორმებზე დაგვეხარჯა თანხები, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან პოპულარულია და მეორე მხრივ, ყველაზე გამჭვირვალეა. სატელევიზიო რეკლამის ნაწილში კი დაახლოებით 4.5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

- Check in Georgia-ზეც გკითხავთ, კალენდარზე მუშაობა როდის დასრულდება და საბოლოო ღონისძიებების კალენდარი ცნობილი როდის იქნება?

-პირველი, რითიც Check in Georgia იხსნება არის ამერიკული როკ-ჯგუფის Aerosmith კონცერტი, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ სეზონი დროზე უფრო ადრე გაიხსნას. კონცერტების დიდი შემადგენელი ნაწილი ’’ბლექ სი არენაზე“ იქნება ჩატარებული. მათ თანხა უკვე გამოეყოთ, დაახლოებით 4.5 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისათვის, რომ ეს კალენდარი დააკომპლექტონ. რაც მნიშვნელოვანია კომისია არის, რომელიც შერჩევის ნაწილში მიიღებს მონაწილეობას. კალენდარის შესახებ ჩვენც ველოდებით ინფორმაციას, იქნება სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის სპორტის სამინისტროს ნაწილში, რომელიც მიმდინარე წელს ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day