ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, თურქეთის ენერგეტიკულ ბაზარზე ვითარება უახლოეს პერიოდში გაუმჯობესდება. ასე გამოეხმაურა ხმალაძე "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას თურქეთში ელექტროენერგიის ფასების შემცირების საკითხს, რაც ქართველი ექსპორტიორების შემოსავლებზე, რომლებიც თურქეთის ბაზარზე ვაჭრობენ, უარყოფითად აისახა.
"თურქეთის ბაზარზე ფასები მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა და ამან უარყოფითი გავლენა იქონია ინვესტორებსა და მათ ეკონომიკურ ინტერესებზე. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თავისუფალ ბაზართან, სადაც ფასებს ბაზარი განსაზღვრავს და არა - სახელმწიფო. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით და ეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ მდგომარეობა, რომელიც დღეს თურქეთის ენერგეტიკულ ბაზარზე გვაქვს, დროებითია და უახლოეს პერიოდში მის გაუმჯობესებას და ფასების ზრდას ველოდებით, რაც მიმდინარე და დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებაზე დადებითად აისახება“, - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ ეს მოლოდინები საფუძვლიანია.
კომპანია „ენერჯი სოლუშენის“ გენერალური დირექტორის გიორგი აბრამიშვილის განმარტებით, ერთი კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება თურქეთში 2014 წელთან შედარებით დაახლოებით, ორჯერ შემცირდა.