Home
Category
TV Live Menu

თურქეთის ელჩი: იმედი მაქვს, წლის ბოლოსთვის შეთანხმებას მივაღწევთ და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადახედვა მოხდება

590ef213666b5
BM.GE
07.05.17 14:05
728
თბილისმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე გადაცემაში ’’საქმის კურსი" საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საუბრობს.

- თქვენ დიდი ხანია საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს ურთიერთობებს აკვირდებით და მისი გაღრმავების უშუალო მონაწილე ხართ. დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას ეს ურთიერთობები?

- შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევების დიდი რაოდენობა მაინცდამაინც არ გვაწუხებს. თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. პოლიტიკურ დონეზე პრობლემები არ გვაწუხებს და ვცდილობთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები მაქსიმალურად წინ წავწიოთ. ჩვენ ადამიანთა შორის ურთიერთობებიდან ვიძენთ ძალას და ეს ურთიერთობები ძალიან მყარია. აღნიშნული შეხვედრები და გამართული ბიზნეს ფორუმი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო წინ წამოწევისთვის. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თურქმა ბიზნესმენებმა თითქმის ყველაფერი იციან საქართველოს შესახებ, რაც ნაწილობრივ სიმართლეც არის. მაგალითად, ამას ცხადყოფს ის, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში თურქეთი საქართველოსთვის პირველი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა მე მწამს და თურქეთის მთავრობაც მეთანხმება, რომ სრული პოტენციალისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. 2-3 წლის წინ ვაჭრობის მაჩვენებელი 2 მილიარდ აშშ დოლარზე იდგა და ესეც კი არ არის საკმარისი, რადგან მთელი ბიზნეს საზოგადოება მეუბნება, რომ მინიმუმ 3-4 მილიარდი აშშ დოლარი არის მიღწევადი მარჟა შემდეგი 2-3 წლის მანძილზე. ჩვენ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რომ ამ დონემდე ავწიოთ ჩვენი პოტენციალი. სამწუხაროდ, თურქეთ-საქართველოს ვაჭრობა დაბალანსებული არ არის. ჩვენი იმპორტი საქართველოდან 0.1%-ია. ამიტომაც გამოწვევები თურქეთიდან ახალი ბიზნესმენების შემოყვანაა. საქართველოში მთავრობის დონეზე ბევრი რამ კეთდება უცხოური ინვესტორების სტიმულირებისათვის.

- თქვენ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი ახსენეთ, თვალშისაცემია, რომ საქართველოში იმპორტი ბევრად უფრო მეტია და ეს შესაძლოა ერთ-ერთ გამოწვევად ჩავთვალოთ, რომელსაც ქართულმა მხარემ უნდა უპასუხოს, რომ თურქეთის მიმართულებით ექსპორტი გაიზარდოს?

- ეს ნამდვილად გამოწვევაა და ამას მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ და აღნიშნული მიმართულების რეალიზება უნდა მოვახდინოთ, რაც ასე ერთ დღეში ვერ მოხდება, რადგან ეს კომერციული სფეროა და აქ მოწოდება-მოთხოვნის მთავარი ფაქტორი მუშაობს, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას ამ მიმართულების გასამარტივებლად. ჩვენ გასულ წელს მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ და ერთობლივი კომიტეტის ჩარჩოში დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ჭრილში. მისი საზღვრების გაფართოვებას ვცდილობთ, ყველა ასპექტს ვაკვირდებით, განსაკუთრებით იმ აქცენტების გათვალისწინებით თუ რამდენად შიძლება უფრო მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტის შემოტანა საქართველოდან თურქეთში. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსთვის შეთანხმებას მივაღწევთ და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადახედვა-განახლება მოხდება, რომ ქართველ ექსპორტიორებს თურქული ბაზრის უფრო ფართო გზა გაეხსნათ. ამისთვის, რა თქმა უნდა, დრო იქნება საჭირო და ამას კომერციული დინამიკაც განსაზღრავს. რაც მთავარია, ამის განსახორციელებლად მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

- მიმდინარეობს თუ არა მუშაობა იმ სექტორებთან, რომელიც თურქ ბიზნესმენებს აინტერესებთ და რა სექტორებია ეს?

- ამ მოთხოვნების და ინტერესების დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ პოტენციალი ჯერ ამოწურული არ არის ქართული ინვესტიციების თვალსაზრისით თურქეთში და პირიქით. პოტენციალი უზარმაზარია და არ მინდა რომელიმე ცალკე აღებული სექტორი გამოვყო, თუმცა ენერგეტიკა ნამდვილად პრიორიტეტულია, იაფი და კვალიფიციური მუშახელი, ასევე ენერგორესურსების სიიაფე და ყოველივე ეს თურქულ კომპანიებს ნამდვილად უბიძგებს, რომ საქართველოში პროდუქცია აწარმოონ და იგი სარეალიზაციოდ არა მხოლოდ თურქეთში გაიტანონ, არამედ ევროპაშიც, იმ ქვეყნებში, ვისაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვთ.

ჩინეთთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს პოტენციალს აძლევს საინვესტიციო და წარმოების ცენტრი გახდეს.

- სექტემბრიდან ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტი უნდა ამოქმედდეს, ჯერ ქვეყნების ჩამონათვალი არ ვიცით, თუმცა სავარაუდოდ თურქეთი იქნება ამ სიაში. რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ატაშეს როლი?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ კომერციული ატაშე უკვე მრავალი წელია გვყავს და ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მნიშნელოვანია ასეთ ატაშეების დანიშვნა იმ ქვეყნებთან, სადაც საინვესტიციო პოტენციალი მაღალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთი თუ პირველი არ არის აღნიშნულ სიაში, პირველ სამ ლიდერ ქვეყანას შორის აუცილებლად იქნება. ეს ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, ვისაც საქართველოს შესაძლებლობები კარგად ესმის. შესაძლოა იგი თურქეთში ცხოვრობდეს და ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდეს თურქ ბიზნესმენებთან,. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან გარკვეული დრო უკვე გავიდა და პირველ ქართველ კომერციულ ატაშეს ველოდებით თურქეთში. აღვნიშნავ, რომ ეკონომიკური ბლოკი საუკეთესო ხელშია, რაც მნიშვნელოვანია. ევროპული მიმართულება ერთ-ერთი უმთავრესია და ვფიქრობ, რომ ასეთი ატაშე თურქეთთან ერთად რამდენიმე ევროპის ქვეყანაში უნდა დაინიშნოს.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გათვალისწინებით, ვიცით, რომ ევროპასთან ვაჭრობის მაჩვენებლები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა და პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ეკონომიკური ატაშეები წამყვან ევროპულ ქვეყნებში უნდა დაინიშნოს, ეს არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day