თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა დროებით შეზღუდულია, ხოლო საჰაერო საზღვარი დაკეტილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საზღვრებზე ცვლილება შესაძლოა დილით განხორციელდეს, არსებული სიტუაციის შესაბამისად.
"ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობელ თურქეთში საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საზღვრებზე არსებულ სიტუაციაზე და სუს-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გავაანალიზეთ. დილამდე დავაკვირდებით მოვლენებს. ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ თურქეთის მიმართულებით, საჰაერო საზღვარი კი ამ დროისთვის ჩაკეტილია და ფრენები არ ხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თურქეთის მიმართულებით გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდა.