4 აგვისტოს ექსპლუატაციაში ოფიციალურად შევიდა მზის მცურავი ელექტროსადგური. ეს თურქეთში პირველი ამ ტიპის სადგურია და სტამბულის ბუიუქჩექმეჯეს ტბაზეა დამონტაჟებული.
პროექტი სტამბულის მეტროპოლიის მუნიციპალიტეტის შვილობილმა Istanbul Enerji-მ და სტამბულის წყლისა და კანალიზაციის ადმინისტრაციამ (İSKİ) განახორციელეს. ეს უკანასკნელი სუფთა მტკნარი წყლის ტბის ადმინისტრირებასა და სტამბულის წყლის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. არაკოროზირებადი მასალისგან დამზადებული სადგური 960 პოლიკრისტალური ფოტოვლტური პანელისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული 260 ვტ ენერგიას უზრუნველყოფს. ამჟამად სადგურის დადგმული სიმძლავრე 250 კვტ-ია, თუმცა მომავალში მისი გაზრდა იგეგმება. სადგური ყოველწლიურად ნახშირორჟანგის ემისიების 210 ტონით შემცირებას უზრუნველყოფს. სტამბულის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და აორთქლებით გამოწვეული წყლის კარგვის თავიდან აცილების მიზნით,მუნიციპალიტეტს სურს, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, გააფართოვოს მცურავი მზის სადგურების არეალი მტკნარი წყლის სხვა ობიექტებზეც, მათ შორის კაშხლებზე.
"სისტემები ახდენს წყლის ზედაპირის 70%-ის ჰაერისაგან იზოლაციას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება აორთქლებისა და წყლის კარგვის თავიდან ასაცილებლად, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა წყლის ინტენსიური მოთხოვნის დაკმაყოფილებაში", - ნათქვამია Istanbul Enerji-ს განცხადებაში.
კვლევითი სამუშაოები, რომლებიც სადგურის დაარსების შემდეგ დაიწყო, 12 თვე გაგრძელდება და მონიტორინგს გაუწევს მცურავი სისტემის გავლენას ენერგიის წარმოებაზე, წყლის ხარისხისა და ეკოსისტემებზე
წყარო: ენერგოდაიჯესტი