Home
Category
TV Live Menu

"ტვ პირველმა" ამერიკის საელჩოსა და IREX-ის პროგრამაში გაიმარჯვა

587f64463632d
BM.GE
18.01.17 16:39
1067
საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა 2017 წელს ორი გამარჯვებული ჰყავს - ღია კონკურსის წესით შეირჩა ტელეკომპანია „პირველი” თბილისში და „მეგა ტვ” ქუთაისში.

შედეგად, მთელი წლის განმავლობაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები გაემგზავრებიან ამერიკაში და წინასწარ შერჩეულ ტელევიზიებში გაივლიან სტაჟირებას.

როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" პროგრამის მენეჯერი მაია მათეშვილი აცხადებს, სტაჟირების პროგრამები უშუალოდ ტელევიზიებზე და მათს პრობლემებზე იქნება მორგებული.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება რამდენიმე ვიზიტი როგორც ამერიკიდან საქართველოში, ასევე პირიქით.

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის 2017 წლის გამარჯვებულებს აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).

„გაცვლითი ვიზიტების მიზანი შერჩეული ქართული მედიასაშუალებების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. უახლოეს მომავალში IREX-ი ქართულ მაუწყებლებს დააკავშირებს ტელევიზიებთან შეერთებული შტატებში, რათა მათ შორის ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი, ორმხრივად პროდუქტიული პროფესიული თანამშრომლობა, რაც ამერიკასა და საქართველოს შორის გაცვლითი პარტნიორული ვიზიტების, ერთობლივი კონსულტაციებისა და თანამედროვე გამოცდილების გაზიარების გზით მიიღწევა. ამერიკულ პარტნიორ ტელევიზიებში მომუშავე პროფესიონალები ქართველ კოლეგებს ესტუმრებიან, ადგილზე ჩაუტარებენ ტრენინგებს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ. საპასუხოდ, ტელეკომპანია „პირველი“ და „მეგა ტვ-ს“ წარმომადგენლები აშშ-ში გაემგზავრებიან და პარტნიორ ტელევიზიებში პრაქტიკულ სტაჟირებას გაივლიან. გაცვლითი ვიზიტების გარდა, ონლაინ რეჟიმში განხორციელდება ვირტუალური კონსულტაციებიც, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მაუწყებლების უფრო მდგრად მედია ორგანიზაციებად და მომგებიან ბიზნესებად განვითარებას“,- აცხადებენ IREX-ში.

აქამდე, პროგრამას მონაწილე 12 მონაწილე მაუწყებელი ჰყავდა: პალიტრა TV, ტაბულა TV, „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ და „რუსთავი 2“ თბილისში, „აჭარის ტელე-რადიოკომპანია“ ბათუმში, „ქვემო-ქართლის ტელე-რადიოკომპანია“ რუსთავში, რადიო „ჰერეთი“ ლაგოდეხში, ტელეკომპანია „ბორჯომი“ ბორჯომში, ტელე-რადიოკომპანია „მეცხრე ტალღა“ ფოთში, რადიო „ძველი ქალაქი“ ქუთაისში, ტელეკომპანია „მე-9 არხი“ ახალციხეში, სამაუწყებლო კომპანია „გურია“ ოზურგეთში, „25-ე არხი“ ბათუმში და ტელეკომპანია „გურჯაანი“ გურჯაანში.

2011 წლიდან მოყოლებული, მედიის სფეროს 86 ქართველ წარმომადგენელს პროგრამის ფარგლებში საშუალება ჰქონდა თავად ენახათ, თუ როგორ მუშაობენ ტელევიზიები და რადიოები აშშ-ში. პროგრამის დახმარებით, მათ აიმაღლეს კვალიფიკაცია საინფორმაციო გადაცემის მომზადების, კონტენტის წარმოების, მედია მენეჯმენტის, შემოსავლის გენერირების, გაყიდვებისა და მარკეტინგის, ახალი მედიის, და სხვა სფეროებში.

„საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მონაწილე მედიასაშუალებებმა ადგილობრივ საჭიროებებს წარმატებით მოარგეს და დანერგეს პარტნიორული ვიზიტების დროს ნასწავლი ახალი უნარ– ჩვევები და მიდგომები. შედეგად, გაუმჯობესდა მონაწილე მაუწყებლების მუშაობა, შეიქმნა ახალი პროგრამები და გაუმჯობესდა არსებული გადაცემების ხარისხი, უფრო თანამედროვე გახდა ეთერის ვიზუალი, გაუმჯობესდა ონლაინ რეჟიმში მუშაობა, მეტად ინტენსიურად გამოიყენება სოციალური მედია და დაიხვეწა ვებგვერდები, შეიქმნა შემოსავალის ალტერნატიული წყაროები, გაიზარდა ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზე და მარკეტინგი და პრომოუშენი გახდა უფრო მიზნობრივი“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day