ვის აკისრებს თხილის უხარისხო მოსავალზე ბიზნესი პასუხისმგებლობას. სოკოვანი დაავადების გამო თხილის ფასი მინიმუმამდე დაეცა. როგორ აპირებს ბიზნესი პროდუქციის რეალიზაციას და იტყვიან თუ არა ქართულ თხილზე უარს ევროპაში,- თემაზე ”საქმიან დილასთან“ ”ქესკიას“ დამფუძნებელი მარი კოდუა საუბრობს.
-2016 წელს არც თუ სახარბიელო მიზეზით, მაგრამ თხილი კვლავ აქტუალური თემა გახდა. რა არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომლის დაანონსებაც შეგიძლიათ?
-ძირითადი ქართული თხილის პრობლემები ხარისხთან არის დაკავშირებული. წელს ხარისხის პრობლემა დაავადებამ გამოიწვია, რომელიც ძირითადად სამეგრელოს რეგიონში გავრცელდა, სადაც თხილის უმეტესი ნაწილი იწარმოება. ეს არის სოკოვანი დაავადება - ნაცარი, რომელმაც თხილი დააზიანა. ამ დაავადების პრევენცია, სამწუხაროდ, არ მოხდა, რადგან ფერმრებმა მოსავალი დროულად არ შეწამლეს.
-რა ხარჯებთან არის დაკავშირებული შეწამვლა, მთავარი მიზეზი თანხებია?
-თანხები მიზეზია, მაგრამ პირველი მიზეზი განათლებაა, უცოდინრობა. მსგავსი პრობლემა ნაცროვანი დაავადების შარშანაც იყო, უბრალოდ ამ დოზით არ იყო გავრცელებული. ამ დაავადებას ჭარბტენიანობა იწვევს და წელს იგი ჭარბმა ტენმა კიდევ უფრო გააძლიერა და მოსახლეობა ვერ მიხვდა, რომ დროულად უნდა შეეწამლათ და მეორე პრობლემა ის არის, რომ ტექნიკა არ არის საკმარისი. ჩვენთან უახლოესი მექანიზატორის ცენტრია აბაშაში და არ მათ არ აქვთ იმ რაოდენობის ტექნიკა, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურებოდა. 4-5 მეტრიანი ხეების შეწამვლა ზურგზე მოსაკადი აპარატებით ვერ მოხდება. ამისათვის სერიოზული დანადგარებია საჭიროა, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ტრაქტორი თავისი მისაბმელით ყველა თხილის ბაღში ვერ შევა. ბაღების 40-45 პროცენტში ამ ტექნიკით შესვლა შესაძლებელია და კარგი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს ამ კუთხით, ტექნიკის გამოყოფის თვალსაზრისით ფერმერებისთვის დახმარება გაეწია. არიან ფერმერები, რომლებიც გადაიხდიან აღნიშნულ საქმიანობაში კონკრეტულ თანხას, მაგრამ ტექნიკის უქონლობის გამო დროულად ვერ წამლავენ.
-ყოველივე ეს იქონიებს თუ არა გავლენას სამომავლოდ ექსპორტზე?
-რა თქმა უნდა, სამომავლოდ გავლენას იქონიებს იმიტომ, რომ რაოდენობრივად თხილის მოსავალი გვაქვს, მაგრამ ხარისხის პრობლემაა. უხარისხო პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში კი მომდევნო წელს ის კლიენტი უკვე აღარ შეიძენს პროდუქტს.
-დაახლოებით რა თანხად ითარგმნება ეს ზარალი?
-სავარაუდოდ ამ ეტაპზე ეს დათვლილი არ არის. მე ზუსტი ინფორმაცია არ მქავს, მაგრამ ზოგადი სურათი, რაც ჩანს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე რაც ჩანს, ფარული სიდამპლე 2 %, რაც თხილის ღრუშია დასაშვები ამ სეზონის დასაწყისში 5 %-ია. ნოემბერ-დეკემბერში ეს ფარული სიდამპლის მაჩვენებელი პროცენტულად კიდევ უფრო გაიზრდება.
-კონკურენტი ბაზრები რამდენად არიან მომზადებულები, რომ თუნდაც ის რესურსი აითვისონ, რასაც საქართველო ვერ ავსებს?
-საექსპორტო ბაზარზე საქართველო ძალიან მცირე მიმწოდებელია. ვიცით, რომ ამ კუთხით, პირველი თურქეთია, მაგრამ წელს თურქეთშიც იგივე დაავადება გავრცელდა, თუმცა, იქ ფერმერებს უფრო მეტი ცოდნა აქვთ და უფრო მობილიზებულები არიან.
-რომელია ძირითადი საექსპორტო ქვეყნები, გარდა თურქეთისა?
-ქართული თხილის ექპორტი თურქეთში უმნიშვნელოა. ჩვენი ძირითადი საექსპორტო ქვეყნები ევროპის ბაზარია: გერმანია, იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.
-წლევანდელმა თხილის ხარისხის პრობლემამ, მომავალში რა შეიძლება გამოიწვიოს?
-ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ქართული თხილი თავის სახელს და იმიჯს დაკარგავს. ეს ფასებზეც ასახულია, რა თქმა უნდა. უხარისხო თხილის ნედლეული უფრო იაფი ღირს, ვიდრე ხარისხიანი და დღევანდელი გაუტეხავი თხილის ფასები ადგილობრივ ბაზარზე 2,5-დან 6 ლარამდე მერყეობს. ფერმერებიც ხვდებიან, რომ შეწამვლა და პროდუქციის მოვლა დროულად უნდა დაიწყონ, რომ მათ პროდუქციას მაღალი ფასი ქონდეს. ჩამბარებელმა პუნქტებმა ხარისხების მიხედვით დაიწყო გადახდები. ქართულ თხილს იმიჯი ხარისხის გამო ისედაც ნაწილობრივ დაკარგული აქვს. ჩვენი ფერმერები სამწუხაროდ, სათანადოდ არ უვლიათ პროდუქტს, ტომრებში არ ინახავენ, იმ დონეზე არ აშრობენ, რომელიც დასაშვებია და ისე ალაგებენ საწყობებში, რაც ფარული სიდამპლის პროცენტულობის გაზრდას იწვევს.
-საუბარი იყო სამეგრელოში საშრობების მოწყობაზე და ეს კერძო გეგმები არ ყოფილა. ამ ნაწილში თუ არის შარშანდელთან შედარებით წინსვლა?
-კი, მაგალითად, ჩვენს სოფელში კოოპერატივია გახსნილი, სადაც წელს უკვე წარმოებაც დაემატა და საშრობი არის, სადაც მოსახლეობას მიაქვს თხილი და დაახლოებით 300 ტონამდე აქვთ უკვე დასაწყობი.
-როგორც კერძო რესურსით, ასევე სახელმწიფოს დახმარებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია და მთავარ პრობლემად ტექნიკით აღჭურვა რჩება, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარებული იყოს?
-დიახ, ზოგადად რომ ვთქვათ, მაგალითად ზუსტად არ მახსოოვს, დაახლოებით 2009 წელს თეთრი პეპელა იყო გავრცელებული და პროდუქციის მასშტაბური შეწამვლა მოხდა და იგი აღმოიფხვრა. ტექნიკით მაინც რომ მოხდეს დახმარება, ფერმერები გარკვეულ თანხებს გადაიხდიან და ასევე მათი ცოდნის ასამაღლებლად ტრენნგებიც აუცილებელია.