თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში წელს ექსპორტის ზრდას ელოდებიან, -ამის შესახებ BMG-სთან საუბრისას ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ განაცხადა.
"ზუსტ პროცენტს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გასულ წელთან შედარებით მინდა გითხრათ, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - აღნიშნა გიორგი თოდუამ. მის თქმით, ასევე ბევრი იქნება დამოკიდებული ფერმერების მონდომებაზეც.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის ინფორმაციით, თხილისა და კაკლის ექსპორტი 2017 წელს 54%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან მხოლოდ 83 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, მაშინ როცა 2016-ში ეს მაჩვენებელი 179 მილიონი დოლარი იყო. წლიური მონაცემების მიხედვით, 10 მთავარ საექსპორტო პროდუქტს შორის თხილმა მერვე ადგილზე გადაინაცვლა და მხოლოდ აზოტოვანი სასუქების ექსპორტს აჭარბებდა, მაშინ როდესაც 2016 წელს ის შემოსავლების მიხედვით მეორე პოზიციაზე იყო და მხოლოდ სპილენძის მადნებს ჩამორჩებოდა.