საქსტატის ინფორმაციით, თხილისა და კაკლის ექსპორტი 2017 წელს 54%-ითაა შემცირებული. გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან მხოლოდ 83 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, მაშინ როცა 2016-ში ეს მაჩვენებელი 179 მილიონი დოლარი იყო. წლიური მონაცემების მიხედვით, 10 მთავარ საექსპორტო პროდუქტს შორის თხილმა მერვე ადგილზე გადაინაცვლა და მხოლოდ აზოტოვანი სასუქების ექსპორტს აჭარბებს, მაშინ როცა 2016 წელს ის შემოსავლების მიხედვით მეორე პოზიციაზე იყო და მხოლოდ სპილენძის მადნებს ჩამორჩებოდა.
თხილის ექსპორტის მკვეთრი შემცირება დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელებას უკავშირდება. მწერმა მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ნაწილი კი საექსპორტოდ უვარგისი გახადა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რისთვისაც 2018 წლის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.