ტყიბულში მომხდარი ფაქტი დასტურია იმისა, რომ კომპანიებმა უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ "საქმის კურსს" ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციაში განუცხადეს.
როგორც ასოციაციის გამგეობის წევრი თემურ მიმინოშვილი ამბობს, ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციაში შემავალ თითოეულ კომპანიას ჰყავს შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან ქარხანაში მიმდინარე პროცესებს.
"პირველ რიგში, ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია სამძიმარს უცხადებს ტყიბულის შახტაში დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებსა და "საქნახშირის" მთელ კოლექტივს. როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება უკვე მიმდინარეობს, ამიტომ დაველოდოთ შედეგებს. რაც შეეხება, ზოგადად შრომის უსაფრთხოების საკითხებს, აღნიშნული ფაქტი დასტურია იმისა, რომ კომპანიებმა უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ უსაფრთხოებას. ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციაში შემავალ თითოეულ კომპანიას ჰყავს შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან ქარხანაში მიმდინარე პროცესებს. ისინი მონიტორინგს უწევენ ჩვენს თანამშრომლებს და დასაქმებულებს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას შრომის პროცესში რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რადგან მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. მოგეხსენებათ, ჩვენი დარგი არის - მძიმე მრეწველობა, სწორედ ამიტომ, არსებითი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულებმა ზუსტად იცოდნენ უსაფრთხოების წესები. ამ მიზნით, დაახლოებით სამი კვირის წინ ასოციაციის ეგიდით გაიმართა სემინარი. კერძოდ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩვენი კომპანიების წევრებს ჩაუტარეს ტრენინგი. ორ დღიან სემინარზე განვიხილეთ ყველა ის რეგულაცია, რომელიც კანონში 2018 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. საკითხები, შრომის უსაფრთხოებას ეხებოდა, უფრო კონკრეტულად: პროფესიული უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, ტრამვები, უბედური შემთხვევების მართვა, დამსაქმებელთა ვალდებულებები, სამუშაო სივრცის მოწყობა ჯანმრთელობის სტანდარტების მიხედვით და ა.შ. ამიტომ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია სისტემატიურად მუშაობს, რომ ერთის მხრივ დასაქმებულებმა ზუსტად იცოდნენ თავიანთი უფლებები და უსაფრთხოების წესები, მეორეს მხრივ, კი კომპანიის მენეჯმენტი იცავდეს დასაქმებულთა უფლებებსა და მათ უსაფრთხოებას",- აცხადებს გამგეობის წევრი თემურ მიმინოშვილი.