შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიისგან ელოდება კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც კომპანიებში შვეიცარიული კომპანია "სიქპას" აპარატის ხარვეზებით მუშაობას დაადასტურებს.
"კონკრეტული ფაქტებით მოგვართონ, ვიმსჯელებთ და ვნახავთ. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ხარვეზებით მუშაობს და ამის მწარმოებლის საქმიანობა შეფერხდა", - განაცხადა თაბუაშვილმა.
რაც შეეხება მარკირების პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს, ამ თანხას გასული წლის მსგავსად, მთავრობა გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ უალკოჰოლო სასმელების მარკირების აპარატის ხარვეზებით მუშაობასთან დაკავშირებით "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" იურისტმა პაატა გაბუნიამ "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მარკირების აპარატი, რომელსაც შვეიცარიული კომპანია "სიქპა" აკონტროლებს, გაუმართავია, რაც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნითაც დასტურდება.
"მარკირების აპარატის პრობლემა არის ის, რომ ის არის გაუმართავი, აქვს ბევრი ტექნიკური პრობლემა. თვითონ კანონში წერია, რომ შეფერხების დროს თუ 3 საათში ვერ მოახდინეს ხარვეზის აღმოფხვრა, გვაქვს უფლება, რომ არამარკირებული პროდუქცია გამოვუშვათ, რაც წინაარმდეგობაში მოდის კანონთან, მაშინ რატომ ვითვლით საერთოდ და რატომ ვახდენთ მარკირებას?
მექანიზმის დაზიანების ფაქტები ფიქსირდება დღეში 2-3-ჯერ და ეს 10 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება. ამის საფუძველზე ჩვენ მივმართეთ ლევან სახარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს და მათ დაგვიდგინეს, რომ ნამდვილად ხარვეზით მუშაობს აპარატი, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვახდენთ შესაბამისი პროდუქციის გამოშვებას, რაც კომპანიის ზარალია. მით უმეტეს, რომ ჩვენთან თანამშრომლები საათობრივ ანაზღაურებაზე არიან“, - აცხადებს პაატა გაბუნია.