სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი, ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი "გადაიღე საქართველოში" დაემატა. პროგრამის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე ფილმის გადაღება უკვე დასრულდა. რა ეტაპზეა პროცესი და რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას „გადაიღე საქართველოში“, - თემაზე „ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი საუბრობს.
- რა ეტაპზეა გადაღებები და კონკრეტულად რა სახის შედეგებზეა საუბარი?
- პროექტს “გადაიღე საქართველოში“, რომელიც საქართველოს საერთაშორისო გადასაღებ მოედნად გადაქცევას გულისხმობს, ამ მოკლე ვადებში საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს. უკვე 4 მსხვილი პროექტის განხორციელება მოხდა ჩვენს ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე ჩაიდო. ასევე დამატებით აღვნიშნავ, რომ არა ერთი მოკლე პროექტი შედგა, რომელიც 10 დღიან გადაღებებს ითვალისწინებს. იგივე რეკლამების, კლიპების, ფილმების სიუჟეტების კუთხით. ამ პროექტის პრეზენტაცია საქართველოში იანვარში მოხდა, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე აპრილ-მაისში. ამ მოკლე ვადებში საქართველომ რეალურად დააინტერესა უკვე პროდუსერები და საქართველოში ჩამოდიან და უცხოურ ფილმებს იღებენ.
- ჰოლივუდის სტუდიების მხრიდან რომელიმე კონკრეტული პროექტის განხორციელებას ხომ არ უნდა ველოდოთ?
- როდესაც ვახდენთ ცნობადობის ამაღლებას კონკრეტულად ამ ინსტრუმენტის შესახებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზრები გამოვყავით. ერთ-ერთი არის ინდოეთის მაგალითი, ბოლივუდი და ინდური კინოსტუდიების დაინტერესება. ასევე ევროპელების და აღვნიშნავ, რომ იმ 4 პროექტიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ერთი გერმანულ-ქართული პროდუქციაა. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ევროპელი პროდუსერებიც ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით და გამოვყოფ ამერიკულ და ჰოლივუდურ კინოსტუდიებსაც. 2 კვირის წინ დაახლოებით 15 ადგილების შემრჩევი მენეჯერი და პროდუსერი იყო ჩვენს ქვეყანაში ვიზიტით და ისინი განცვიფრებულები იყვნენ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ ჩვენი ქვეყანა აძლევს. უახლოეს მომავალში, კერძოდ სექტემბერში ერთი ამერიკული ფილმის გადაღება დაიწყება. ასევე ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, რომლის სამწუხაროდ ჯერჯერობით ხმამაღლა თქმა არ შემიძლია, მაგრამ თუ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება უახლოეს მომავალში ასევე არა ერთი ამერიკული ფილმის გადაღებას დავაანონსებთ ჩვენს ქვეყანაში.
კინოწარმოება არ არის კონკრეტულად კინოში ჩართული ადამიანების ბიზნესი, აქ თითქმის ყველა ბიზნესია ჩართული, მათ შორის ლოგისტიკური კომპანიები, კვებითი მომარაგების კომპანიები, სასტუმროები, რეკვიზიტები, ტანსაცმელი და კოსტიუმები აქ იკერება. ერთი ფილმი დაახლოებით 200-დან 500-მდე სამუშაო ადგილს ქმნის. ფილმის ბიუჯეტსაც რომ ვახსენებ ეს ზუსტად ის ფულია, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში იხარჯება.
- საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი საკმაოდ საინტერესო ინიციატივით გამოდის, რომ პოპულარული ქართული ფილმის “რაჭა, ჩემო სიყვარულო 20 წლის შემდეგ“ გადაღება მოხდეს. ეს ყველაფერი “გადაიღე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ ხომ არ განხორციელდება?
-სლოვაკეთის ელჩს ჰქონდა იდეა, რომ ამ ფილმის გაცოცხლება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ჩვენც ამ ყველაფერში ჩართული ვართ. საპარტნიორო ფონდმა სლოვაკური ფონდი დააინტერესა, რომ ფილმის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ ყველას ძალისხმევით ეს ფილმი შედგება და ეკრანზე ახალი ვარიაციით დაბრუნდება.