"პირველადაა, როდესაც არჩევნების წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება წინა წელთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა“,- ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიქტრი ქუმსიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. მისი ინფორმაციით, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში, საქართველოში 811 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 11%-ით აღემატებოდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
"ბიზნესკონტრაქტი" დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ არჩევნებს ქართველი ბიზნესმენები და რამდენად ეთანხმებიან ვიცე-პრემეირის მოსაზრებას ინვესტიციების ზრდის თაობაზე.
"უცხოელ პარტნიორებს არც გაუგიათ, რომ არჩევნები იყო ამ ქვეყანაში, ისე მშვიდად იყო ყველაფერი", - ასე აფასებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.
როგორც მან „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, წელს საქართველოში საუკეთესო არჩევნები ჩატარდა და არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. მისივე თქმით, შედეგად უცხოელ პარტნიორებს სხვა წლებთან შედარებით ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ქვეყანაში არჩევნები იმართებოდა.
"არ ვიცი ვინ, სად და რატომ იჩხუბა, მაგრამ ჩემს საარჩევნო უბანზე, ვერაზე ძალიან მშვიდად იყო ყველაფერი",- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
არჩევნებს დადებითად აფასებს ბიზნესმენი გიორგი კოდუაც. მისი თქმით, ამ პროცესს ბიზნესმოლაპარაკებებში მისთვის ხელი არ შეუშლია. ბიზნესმენის ინფორმაციით, არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, როდესაც პარტნიორებმა მოლაპარაკებების შეჩერება არჩევნების გამო სთხოვეს. ბიზნესმენი არჩევნების მშვიდად ჩატარების გამო მთავრობას მადლობასაც უხდის.
"უდაოა, რომ ბიზნესისთვის მთავარი სტაბილურობაა, ასევე ეკონომიკური და ეროვნული ვალუტის სიმყარე. სულერთია მთავრობაში ვინ იქნება, მთავარია, ხელისუფლება არ ერეოდეს ბიზნესში. აქედან გამომდინარე დადებითად ვაფასებ, რომ არ მოხდა სიტუაციის არევ-დარევა. შეიძლება, მე როგორც მოქალაქეს მქონდეს განსხვავებული დამოკიდებულება - არის თუ არა ეს ძალა პროდასავლური, - მაგრამ ბიზნესს უფრო სხვა რამ აინტერესებს. თუ გარემო სტაბილურია, არ არის პრობლემაც",- აცხადებს კოდუა.
ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებული არჩევნებისა და ამ არჩევნების ერთმანეთისთვის შედარება, "უხერხულია". მისი შეფასებით, დღეს როგორც ბიზნესშია თავისუფალი გარემო, ასევეა პოლიტიკაშიც.
„თუ სოფლის გამგებელი ვიღაცას ჩასჩურჩულებს ყურში, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს, ეს არ არის გაყალბება. ეტყობა ადამიანებმა, ვინც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, არ იციან რა არის გაყალბება. ამ სიტყვას აბსოლუტურად არასწორად მოიხმარენ. მათ შორის გამოცდილი პოლიტიკოსებიც არიან, რომლებსაც კარგად მოეხსენებათ, რა არის გაყალბება. რაც ახლა ხდებოდა, ამას კავშირი არ აქვს წარსულ პეროდთან. მიშას დროს ბილბორდს ვინ მოგცემდა?! ერთადერთი პლაკატს თუ გააკრავდი სადმე, ამიტომ ასე ლაპარაკი ახლა უნამუსობაა“,- აცხადებს ბიზნესმენი.
რაც შეეხება შეკითხვას, იქონია თუ არა გავლენა არჩევნებმა ბიზნესგარემოზე და მათს გეგმებზე, იაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესში ძალიან დადებითი ტენდენციებია.
წინასაარჩევნო პროცესს დადებითად აფასებს თემურ ჭყონიაც. მისი თქმით, ბიზნესი "მოლოდინის პროცესში“ არ გადასულა და შესაბამისად კომპანიებს ინვესტირება არ შეუჩერებიათ.
"საინტერესოა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება, რომელიც უფრო მეტად ჩახედულია საკითხებში ვიდრე მე, - უსუფაშვილი ამბობს რომ არჩევნები კარგად ჩატარდა. ასევე ის ამბობს, რომ არ ყოფილა ისეთი დარღვევები როგორიც არ არის სხვა ქვეყნებში.
არიან პოლიტიკოსები ვინც ცუდად აფასებს პროცესს, რადგან ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ელოდნენ. ეს ბუნებრივიცაა", - აცხადებს ჭყონია.
ახალ პარლამენტს კი ჭყონია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ურჩევს, ასევე ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ არსებული ეკონომიკური გუნდი, რომლითაც მთავრობაა დაკომპლექტებული, არ უნდა შეიცვალოს. ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებაში ჭყონია სამინისტროების რაოდენობის შემცირებასაც მოიაზრებს.
"საარჩევნო პოერიოდი საკამოდ ხანგრძლივი იყო. ის მოვლენები რაც არჩევნებს ყველა ქვეყანაში ახლავს, იგივე აგრესია, ამ პერიოდში დაცხრა და მიიღო ცივილური ფორმა. მოლოდინის რეჟიმი არ ყოფილა, რადგან მშვიდი ვითარება იყო“, - აცხადებს ჭყონია.