უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სავარაუდოდ, გამონაკლის შემთხვევებშიც არ შეეძლებათ. როგორ „საქმის კურსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა განუცხადეს, დეპუტატებმა ორგანული კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტში აქამდე იყო დარეგისტირებული უკან გაიწვიეს და ახალ, კიდევ უფრო გამკაცრებულ მიდგომაზე მუშაობენ.
"კანონპროექტის არსებული ვარიანტის მიხედვით, უცხოელის მიერ დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს ჰქონდა საშუალება, რომ გამონაკლის შემთხვევაში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა შეეძინა, მაგრამ ახალი ვარიანტით ვფიქრობთ, რომ ასეთი დაშვებაც აღარ იქნება. ჩვენ მხოლოდ გრძელვადიან იჯარაზე ვფიქრობთ. მათ შეეძლებათ საზოგადოების, ან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იჯარის ფორმით აიღონ სასოფლო-სამეურნეო მიწა“, - განუცხადა „საქმის კურსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გელა სამხარაულმა.
აღნიშნული ინფორმაცია ასევე კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ორგანულ კანონს პარლამენტი სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე მიიღებს.
"კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არის გარდამავალი დებულებები, რომლებიც სხვადასხვა დროს შევა ძალაში და ამ ნაწილში შესაძლოა, ერთ წელიწადშიც არ შევიდეს. ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ ორგანულ კანონზე, რომ შესაძლოა, ორგანულმა კანონმა დაასწროს იმ შესაბამისი რედაქციის ამოქმედებას", - განმარტა დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პერიოდში სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.