Home
Category
TV Live Menu

"უცხოელი ტურისტები საქართველოში კომფორტულად გრძნობენ თავს, რაც დასტურია რომ უსაფრთხოების ხარისხი მაღალია"

58ac157ae7579
დავით ჯალაღონია
21.02.17 14:23
1040
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული“.

მისივე თქმით, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე.

„უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ. კერძოდ, 2015 წლის ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ იდგა საკითხი სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. ცოტა მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა არა სავიზო რეჟიმის გაუქმება, არამედ მისი გამარტივება, რაც მართლაც მოხდა და 2016 წლიდან სავიზო რეჟიმი გამარტივდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან, რომ მიმდინარეობს მუშაობა სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით. ამჯერად ბატონმა ლავროვმა ამ თვალსაზრისით ახალი ელემენტები გააჟღერა. ჩვენი პოზიცია ასეთია - ქართულმა მხარემ გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ინტერესბიდან ჯერ კიდევ 2011 წლიდან გააუქმა სავიზო მოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული რიგი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამან გამოიწვია საქართველოში ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. შარშან ჩვენ გვქონდა რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა - დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან. ეს ციფრი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. ამაზე მეტყველებს მრავალი კვლევა და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ“, - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან.
"სანამ არ მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა, გარღვევა ამ კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით, ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება", - დასძინა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის „სრულფასოვან თანამშრომლობას“ ასახელებს. ლავროვი ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day