ივლისიდან ბინები მხოლოდ ლარში გაიყიდება. უძრავი ქონების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ერთი მხრივ, ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველებს მოიზიდავს. გაიზრდება თუ არა ბინებზე ფასი 1 ივლნისიდან? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ლარში ფასდადების შესახებ გახდა ცნობილი, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" GDG-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე საუბრობს.
- ბატონო ბეჟან, დეველოპერებს უძრავ ქონებაზე ფასდადების ლარში გამოცხადების ვალდებულებაზე მოსამზადებლად გარკვეული დრო ჰქონდათ, არის თუ არა დღეს ამისთვის ბაზარი მზად?
- ფასების ზრდის განვითარებას უახლოეს პერიოდში არ ველოდები, რადგან კარგი პერიოდი დაემთხვა, - ივლისში რეალიზაცია გაცილებით მეტია და არ მგონია, რომ დეველოპერებმა ბინების ფასი ამ პერიოდში გაზარდონ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ ეს ყველაფერი ლარის სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული. თუ ლარი სტაბილური იქნება ისე, როგორც ეს ბოლო ორი თვის განმავლობაშია, არ მგონია, რომ ფასებთან დაკავშირებით რამე სერიოზული რყევები მოხდეს სამშენებლო სექტორში. ამას უახლოეს პერიოდში ნამდვილად არ ველოდებით.
- გასაგებია, რომ ერთი დისკომფორტი ლარის სტაბილურობაა, თუმცა არის თუ არა მეორე დისკომფორტი პროდუქტის ეროვნულ ვალუტაში რეკლამირება და სექტორი ამისთვის მზად თუ არის?
- არც ეს არის პრობლემა. სამშენებლო კომპანიები ამბობენ, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა კომპანიაში უნდა დარეკოს და ალბათ იმ პერიოდში როგორიც იქნება კურსი, ლარის ფასი დოლართან მიმართებაში, კომპანიებიც იმ ფასს დააფიქსირებენ. სხვა შემთვევაში, ლარისა და აშშ დოლარის ცვალებადობით ჩვენ ვერცერთი რეკლამის ჩასწორებას ვერ მოვახდენთ და იძულებული ვიქნებით ამ ხერხს მივმართოთ.
- სავარაუდოდ ბანერებიც გამოიცვლება...
- ძალიან რთულია ბანერი განათავსო და რამდენიმე დღეში რყევები მოხდეს ბაზარზე ლარსა და აშშ დოლარს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ მას ხომ ვერ გამოვცვლით? ამიტომ ასეთ დროს კომპანიები და მომხმარებელი იბნევა და ვფიქრობ, ნელ-ნელა აღნიშნულ პროცესს შევეჩვევით, ახალი რეგულაციები შემოვა და არ მგონია, რომ ამან რაიმე პრობლემები შეუქმნას სამშენებლო ბიზნესს. თუმცა, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველაფერი ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ლარი გამყარებულია.