პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ 2017 წლის 6 თვის ანალიზის შედეგებს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაანონსებული 200 ათასი ბენეფიციარის ნაცვლად, სიმბოლურად 1 ლარიანი წამლებით ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით სულ 13 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პროგრამის ფარგლებში აფთიაქს 19 899 -ჯერ მიმართეს. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 4 მილიონამდე ლარის ნაცვლად, მთავრობამ დაპირებული უფასო წამლებისთვის სულ ნახევარი მილიონი ლარი აითვისა.
"უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისთვის გაძვირებულ მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა. მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს,” - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზს ზურაბ ჭიაბერაშვილი დეტალურად დღეს პარლამენტში გაახმაურებს, სადაც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას დავით სერგეენკოც დაესწრება. მინისტრი სამინისტროს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრებს.