Home
Category
TV Live Menu

უკრაინასა და სომხეთში ქართული მანდარინის ექსპორტი გაორმაგდა

585fad097efb5
BM.GE
25.12.16 15:00
945
დასავლეთ საქართველოში ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაშია. მანდარინი საქართველოს აგრობიზნესისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტია. ნარინჯისფერი რთველის აქტიური პერიოდი ნოემბრიდან იწყება და დეკემბრამდე გრძელდება. აჭარული რთველის სტატისტიკას, დინამიკას, ხარჯსა და შედეგებს ’’საქმიან დილასთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე აჯამებს.

-ბატონო ლაშა, ამ დროისთვის ნარინჯისფერ რთველთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა?

-სტატისტიკური მონაცემები რომ გითხრათ ამ ეტაპისთვის დაახლოებით 21 000 ტონა მანდარინია ექსპორტირებული და 9200 ტონაზე მეტი გადამუშავებულია.

-წინა წელთან შედარებითი ანალიზი რომ გავაკეთოთ, ტენდენციები დადებითია, იგივეა თუ უარყოფითი, როგორია მონაცემები?

-რა თქმა უნდა, დადებითი ტენდენციებით გამოირჩევა, თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნელ-ნელა სეზონის ბოლოს ვუახლოვდებით. შესაბამისად ექსპორტის ყოველდღიური მონაცემები წინა წელთან შედარებით იკლებს, მაგრამ ეს ნორმალურია, ვინაიდან თუ კი შარშან დაახლოებით 27 000 ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული, ჩვენ მიმდინარე წელსაც მეტნაკლებად ისევ ამ ფარგლებში ველოდებით 24-25 ტონის ფარგლებში. ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ინფორმაციას ვფლობთ მოსახლეობაში რა არის სარეალიზაციო მანდარინი ვიცით, რომ სეზონი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.

-ანალოგიურს ველით თუ არა გადამუშავებასთან დაკავშირებით, რა იქნება სტატისტიკა და გასული წელთან მიმართებაში როგორია შედარებითი ანალიზი?

-გასულ წელს თუ არ ვცდები 9 000-9 500 ტონა იყო გადამუშავებული, წელს უკვე 9200 ტონის ნიშნულს გადავცდით. ძალიან რთულია პროგნოზირება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ალბათ 11 000-12 000 ტონას მიუახლოვდება, თუმცა აქაც რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რადგან ის სეტყვა, რომელმაც ციტრუსოვნები აზარალა, როგორც აჭარაში, ასევე - გურიაში. შედეგად არა მხოლოდ გადასამუშავებელი მანდარინი მოდის, არამედ მეორად კატეგორიაში სეტყვით დაზიანებული მანდარინიც მოდის, რადგან მისი რეალიზაცია რთულდება ხოლმე.

-გადამუშავებული მანდარინის ექსპორტიც კარგად ხორციელდება?

-კონცენტრატის ექსპორტი ძალიან კარგად მიდის. ჩვენთან ამ კუთხით ორი მსხვილი ქარხანა მოქმედებს, აქედან ერთ-ერთი ’’გი ემ ჯგუფი’’ უკვე კონცენტრატის ექსპორტის კუთხით რამდენიმე წელია რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს. მას ახლა იაპონიასთან მოქმედი ხელშეკრულება აქვს. ასევე ექსპორტს ეწეოდა ჰოლანდიაში, იტალიასა და საფრანგეთში. ასე რომ, ეს ქარხანა ამ მიმართულებით საკმაოდ კარგად მუშაობს.

-ინდივიდუალურად გატანილი ციტრუსი ძირითადად რომელ ქვეყნებზე მოდის?

-მიმდინარე წელს ექსპორტირებული მანდარინის 55% რუსეთზე მოდის, დაახლოებით 30% - უკრაინაზე და რაც ძალიან გვახარებს აქ ახალი ბაზრები გამოჩნდა, როგორიც არის უზბეკეთი, ყირგიზეთი, პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ წინა ორ წელთან შედარებით უკრაინაში დაახლოებით 65%-ით არის ექსპორტი გაზრდილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინა წელთან შედარებით სომხეთში მანდარინის ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. ასე, რომ ზოგადად ექსპორტის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა.

მანდარინის ექსპორტი მცირე რაოდენობით თებერვალსა და მარტშიც ხორციელდება, თუმცა ჩვენი აზრით, ძირითადი ნაწილი დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებისთვის, ალბათ უფრო იანვრის ბოლოსთვის უკვე დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day