უკრაინის ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სააგენტომ და ამერიკულმა კომპანიამ Bitfury, რომელიც მსოფლიოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვაში ლიდერია, - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. უკრაინის პრემიერის ვლადიმირ გროისმანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში უკრაინაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების საუკეთესო პრაქტიკას გამოიყენებენ.
„ბლოკჩეინი ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არსებული პრაქტიკა, როგორც ხელიფლების მართვის, ასევე საბანკო სფეროს კუთხით. ტექნიკურად, ბლოკჩეინის მონაცემთა დაცვის საუკეთესო საშუალებას იძლევა.
დღეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების, - შვედეთის, დანიის, ესტონეთის, - პრიორიტეტია.
უკრაინისთვის კი ეს შანსია გახდეს ერთ-ერთი ინოვაციური ლიდერი ევროპაში“, - აცხადებს ქვეყნის პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს, საქართველოა. სარეგისტრაციო სერვისების ბლოკჩეინში ინტეგრირების სამუშაოები 2016 წლის აპრილიდან დაიწყო. Bitfury Group-თან თანამშრომლობის პირველი ფაზა უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტის შემუშავებას და პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო ტექნიკურ თუ სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა, რაც წარმატებით დასრულდა. 2017 წლიდან საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის დანერგვის მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც, როგორც უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაციის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას, ბიზნესის რეგისტრაციის საცდელი პროექტის და სმარტ კონტრაქტების დანერგვას ითვალისწინებს.