„საგარეო შოკები ალბათ ყოველთვის იქნება. შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც. მთავარია, ჩვენ როგორც შევხვდებით გამოწვევებს“, - აცხადებს ქართული Forbes-ის სპეციალურ გამშვება The Banker-თან ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა გარკვეულწილად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ საჭიროა, ის უფრო გაძლიერდეს, რათა კიდევ უფრო უკეთ შეასრულოს საკუთარი ფუნქცია.
„არ არის კარგი, როდესაც გყავს უკმაყოფილო მსესხებლების არმია, რომლებმაც ვერ შეძლეს სესხების დაბრუნება და გამოსავალს იმაში ეძებენ, რომ სესხები ჩამოიწერონ“, - აცხადებს გვენეტაძე.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც ეროვნულ ბანკს დამატებთი ბერკეტები უნდა გაუჩინოს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, უკვე მომზადებულია და მას, სავარაუდოდ, მომავალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს. დამატებით ბერკეტებში კი გულისხმობს, ეროვნული ბანკის შესაძლებლობას, უფრო სრულყოფილად შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად ასრულებენ ფინანსური ინსტიტუტები სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემები ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის რეალურად შეინიშნება, შესაბამისად, რამდენად კმაყოფილები დარჩებიან ცვლილებებით ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, კობა გვენეტაძე ასე პასუხობს:
„ისინი ყოველთვის არ არიან ბედნიერები მსგავსი ცვლილებებით, მაგრამ ჩემი მხრიდან პასუხი ასეთია: უმჯობესია, მსესხებელმა წინასწარ იცოდეს ყველა რისკი და ბოლოს არ აღმოჩნდეს სიურპრიზების წინაშე. არის ასეთ გამოთქმა: „ინფორმირებული კლიენტი საუკეთესო კლიენტია.“ ბანკების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც უკეთ არის ინფორმირებული მსესხებელი მით უფრო ნაკლებად რისკიანია ის. ამიტომ მსესხებელთა დაცვა ორივე მხარის ინტერესშია“, - აცხადებს გვენეტაძე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ექსკლუზიურ ინტერვიუში შეეხო, ეს არის ეროვნული ვალუტა, რომელიც „რეგულატორს მოდუნების საშუალებას არ აძლევს“. ინფორმაციისთვის, ზაფხულის დასაწყისში გარკვეულპერიოდიანი გამყარება ისევ საპირისპირო ტენდენციამ შეცვალა და ზედიზედ რამდენიმე ინტერვენციის შედეგად, ჯამში 270-ით მილიონ დოლარზე მეტის შესყიდვის შემდეგ, ეროვნულ ბანკს აგვისტო-სექტემბერში მხოლოდ 129 მილიონი ამერიკული დოლარის გაყიდვა მოუწია.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დადებით ფაქტორად, მიიჩნევს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრომ გააგრძელა ფასიანი ქაღალდების გამოშვება და სჯერა, რომ ტექნოლოგიების განვითარების გამო, საქართველოში დღეს უკვე შესაძლებელია შედარებით მცირე დანახარჯებით ისეთივე უსაფრთხო და მოქნილი ფასიანი ქაღალდების სავაჭრო და ანგარიშსწორებიანი სისტემების შექმნა და ოპერირება, როგორიც არის განვითარებულ ბაზარზე.