უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ან/და შეუსრულებლობით ნაწარმოები სამშენებლო საქმიანობის - შენობა- ნაგებობის, მზიდი ელემენტების, ექსტერიერის რეკონსტრუქციის სამართალდარღვევის სუბიექტი, შესაძლოა, საჯარიმო სანქციების გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ, - აღნიშნულ თემაზე „საქმის კურსთან“ ცვლილებების ინიციატორმა და ავტომა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ ისაუბრა.
-ბატონო ილია, უპირველესად რა ცვლილებებია პარლამენტში ინიცირებული?
-ვიცით, რომ არაერთი მიშენება, დაშენება განხორციელებულა დედაქალაქში და ამისთვის არაერთი ადამიანი დაჯარიმებულა და იმის გამო, რომ მათ საშუალება არ აქვთ და დაწესებულ ჯარიმებს ვერ იხდიან, ვერ ხდება აღნიშნული შენობების დაშენება თუ მიშენება, ექსპლუატაციაში მიღება და დაკანონდება და ამ კუთხით ვითარება მოუწესრიგებელია. კერძო მესაკუთრეები ლეგალურად ვერ ფლობენ აღნიშნულ ფართებს, შესაბამისად, ვერ იყენებენ და ვერც ირეგისტრირებენ. სწორედ ამის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული სიტუაცია მოგვეწესრიგებინა. იმ ადამიანებისთვის, ვისაც მშენებლობა 2007 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 20 აპრილამდე აქვს განხორციელებული, ასეთი ფართების ლეგალიზება და მათი დარეგისტრირება მოხდება და ასევე, ამ პერიოდში პირებს ზედამხეველობის სამსახურიდან აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა თუ აქვთ მიღებული, გაუქმდება. აქ საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი მოქალაქეებისთვის აღნიშნული დარღვევებისთვის და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობას ერთჯერადად შეღავათი მივცეთ, ეს ჯარიმები გავუუქმოთ და საშუალება მივცეთ, რომ აღნიშნული ფართები დაირეგისტრირონ.
-ეს ჯარიმები გაუქმდება თუ დროებით მათ გადახდის ვალდებულება შეუჩერდებათ?
-ის ჯარიმები, რომელიც დაწესებულია, რა თქმა უნდა, პირდაპირ გაუქმდება. აღნიშნული მიშენებების დარეგისტრირებას რაც შეეხება, მათი დარეგისტრირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მდგრდია ისინი. მოქალაქემ აღნიშნულის შესახებ დასკვნა უნდა წარმოადგინოს და მისი ლეგალიზება მოხდება და შესაბამისად მოქალაქეს თავისუფალი განკარგვის უფლება ექნება. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მდგრადობაზე დასკვნას ვერ წარმოადგენს, მაშინ ჯარიმა გაუქმდება, მაგრამ მას ვალდებულება ექნება, რომ ის პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს. ეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ერთჯერადი შეღავათია იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეებმა თავიანთი რეალური ქონება იურიდიულად თავიანთ საკუთრებაში მოაქციონ. ამისთვის სახელმწიფო მათ ჯარიმებს უუქმებს და დარეგისტრირების შესაძლებლობას აძლევს. რა თქმა უნდა, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს მშენებლობები უსაფრთხო უნდა იყოს, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე და არც ერთ შემთხვევაში არ მივცემთ საშუალებას ისეთი მიშენება თუ დაშენება დაირეგისტრირონ, რომელიც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
-როგორია აღნიშნული პრობლემის მასშტაბები და მშენებლობების როდენობაც თუ არის ცნობილი?
-საკმაოდ ბევრი მშენებლობაა. თითოეულ ასეთ დარღვევაზე დაახლოებით 8 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა იწერებოდა, რაც არ არის პატარა თანხა და შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი. საუბარია დაახლოებით 200 დარღვევაზე, რაზეც ჩვენი მოქალაქეები არიან დაჯარიმებული. მაგრამ ასევე ბევრი მიშენებებია, რომლებიც შეიძლება ჯერ არ იყოს დაჯარიმებაული, თუმცა, საბოლოოდ მომავალში თუ ადამიანი კანონიერების საფუძველს ვერ წარმოადგენს, მაშინ დაჯარიმება მომავალში მოხდება. ეს ერთჯერადი აქტია. უქმდება ძველი ჯარიმები და ახალი ჯარიმების დაკისრება არ მოხდება მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი შესაბამის ღონისძიებებს მიმართავენ აღნიშნული კანონის ფარგლებში. ეს 2007 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 20 აპრილამდე პერიოდში განხორციელებულ მიშენებებსა და დაშენებებს გულისხმობს. 2007 წლის 1 იანვრამდე მათ ისედაც ჰქონდათ შესაძლებლობა მშენებლობების ლეგალიზება განეხორციელებინათ. მე თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ როდესაც აღნიშნული კანონის მიღება და ძალაში შესვლა მოხდება, შესაბამის ორგანოიებს აუცილებლად მიმართონ, შესაბამის მიშენებებსა და დაშენებებზე დასკვნები წარმოადგინონ და თავიანთი რეალური ქონება იურიდიულად საკუთრებაში დაირეგისტრირონ.