"იმ მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც კრედიტების შემცირება შესაძლებელი იქნება, უნივერსიტეტებთან შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი.“ - ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ გააკეთა. როგორც თევზაძემ განმარტა, ცვლილებების მიზანი საერთაშორისო სივრცეში ქართული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების უფრო მეტი ინტეგრაციაა.
"მას შემდეგ რაც კანონში შევა ცვლილება, სამინისტრო შეიმუშავებს კანონქვემდებარე აქტებს, ანუ დავადგენთ რა წინაპირობებით შეიძლება ამ პროგრამაზე მოხვედრა, როგორ შეიძლება მისი განხორციელება და რომელი იქნება ის პროგრამები, სადაც ამის დანერგვა მოხერხდება.
ბევრ ევროპელ კოლეგებს აქვთ 180 კრედიტიანი პროგრამები და ჩვენ ამის გამო მათთან თავსებადობას ვერ ვაკეთებთ. ამ ცვლილებით კი შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაცია. საწყის ეტაპზე სწორედ იმ პროგრამების შემუშავება მოხდება, რომლითაც ევროპელი პარტნიორებიც არიან დაინტერესებულნი", - აცხადებს თევზაძე.
განათლების სამინიტროში ასევე ყურადღებას ცვლილებების დანერგვის ვადებზეც ამახვილებენ და განმარტავენ, რომ ის 2018 წლის სექტემბრიდან ვერ დაიწყება.
"რაც შეეხება ვადებს, ეს წელს ვერ მოესწრება. მნიშვნელოვანი იქნება ამის უნივერსიტეტებთან შეთანხმება. მათგან უნდა გავიგოთ შემცირებული კრედიტების პირობებში რომელ მიმართულებებზე შეიძლება იგივე კვალიფიკაციის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ იმის თქმას, რომელ სფეროებში შეიძლება იყოს 180 კრედიტი ბაკალავრიატის და 90 კრედიტი მაგისტრატურის შემთხვევაში.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხარისხის მიმართულებით პრობლემები საკითხს არ მოჰყვება, კრედიტების შემცირება არ ნიშნავს ამ მიმართულებებისადმი ნაკლებ ყურადღებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როცა ვლაპარაკობთ 180 კრედიტზე, ეს არ ნიშნავს 3 წლის განმავლობაში გაწერილ პროგრამას. მისი გაწერა მოთხოვნიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს სამ, სამ ნახევარ ან ისევ ოთხ წელზე. ინტერპრეტაცია რომ 180 კრედიტი არის 3 წლიანი სწავლა, არ არის მართებული. ვადებს განსაზღვრავს მოთხოვნა", - უთხრა "საქმიან დილას" ალექსანდრე თევზაძემ.