გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტის არჩევნებში ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილს 6 კონკურენტი ჰყავს.
როგორც პოლოლიკაშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა, არჩევნები მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.
"2016 წლის ნოემბერში ჩემი კანდიდატურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. არჩევნები მაისშია. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად და აქტიურად. მთავრობის მხრიდან დიდია მხარდაჭერა, რაც მაძლევს სტიმულს, რომ გამარჯვების შანსები არის. თუმცა ძნელია, ადვილი არ იქნება. ამ ეტაპზე შვიდი კანდიდატი ვართ შვიდი ქვეყნიდან - კოლუმბია, ზიმბაბვე, ბრაზილია, სეიშელი, კორეა სომხეთი", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა და აღნიშნა, რომ UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის გამარჯვება „საქართველოს როლის აღიარებას ნიშნავს“.
"ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საქართველო ტურიზმში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: ამჟამად გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა ტალებ რიფაის უჭირავს.