მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანიდან 24 წლის შემდეგ, ზემო სვანეთის სოფელმა ჩაჟაშმა, შესაძლოა, საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი დაკარგოს. უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1996 წელს მიენიჭა, როგორც გამორჩეული ლანდშაფტისა და კარგად შემონახული თავდაცვითი კოშკებისა თუ საეკლესიო ნაგებობების მქონე ადგილს. ჩაჟაშთან ერთად უშგულის თემი კიდევ სამ სოფელს აერთიანებს. 2004 წლამდე ძნელად თუ ვინმე გაბედავდა უშგულში ასვლას, სვანეთის გზაზე გახშირებული ყაჩაღობის ფაქტების გამო. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა საპოლიციო ძალებმა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა დაიწყეს, ზემო სვანეთის სოფლები, რომლებსაც ცოცხალი ეთნოგრაფიული მუზეუმი უწოდეს, ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. სასტუმროების დეფიციტის გამო, მოსახლეობამ ახალი, უმეტესად უნებართვო მშენებლობები დაიწყო და შედეგად, დავდექით მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სტატისის დაკარგვის საფრთხის ქვეშ.