Home
Category
TV Live Menu

ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესი დატოვა და მებოცვრეობაში გადაინაცვლა

582ab2a75ef2d
სალომე მეცხვარიშვილი
15.11.16 11:00
1014
ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში გადაინაცვლა. ბიზნესმენის თქმით, ამჯერად უკვე დამფუძნებლის აპლუაში დარგის აღორძინებას და მომხმარებლისთვის 100%-ით ქართული და დიეტური ხორც-პროდუქტების შეთავაზებას გეგმავს.

მებოცვრეობის კომპლექსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ფერმა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს.

როგორც ვანო იოსელიანი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, პირველ ეტაპზე საწარმოში მილონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, რომლის ნაწილიც შეღავათიანი აგროკრედიტიდან დაიფარა. პროექტი სრულად ქართული ინვესტიციით ხორციელდება. უახლოეს 3-4- წელიწადში ჯამურად მებოცვრეობის კომპლექსის განვითარებაში 5 მილიონი დოლარი ჩაიდება.

"ეს არის სრულიად ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე და აგრობიზნესში, ეს არის მებოცვრეობის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ფერმა, რომელიც სრულად უახლესი ევროპული დანადარებით აღიჭურვება. მშენებლობის პროცესს ახლა ვასრულებთ, დეკემბერში კი სპეციალურ ჰიბრიდულ საჯიშე ბოცვრებს შემოვიყვანთ. კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიებს, სასაკლაოს. ეს დარგი ერთ დროს საქართველოში ძალიან პოპულარული დაგანვითარებული იყო და 90-იან წლებში პრაქტიკულად განადგურდა. გვინდა, რომ მოვახდინოთ მისი რეაბილიტაცია, პოპულარიზება“,- აცხადებს ვანო იოსელიანი.

მისივე თქმით, საჯიშე ბოცვრებს ევროპიდან შემოიტანენ და პირველ ეტაპზე ბაზარს წელიწადში 50 ტონამდე ხორცს მიაწვდიან, მომავალში კი ეს რიცხვი გაიზრდება.

"გვინდა, რომ ხორცი მივაწოდოთ მაღაზიებს, რესტორნებს, რეგიონში მსურველებს. მომხმარებელს შევთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელ, ჰიპოალერგიულ და ქოლესტერინის გარეშე ხორცს, რომელიც ნომერი პირველი პროდუქტია მისი სარგებლიანობის გათვალისწინებით და ევროპაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს",- აცხადებს ვანო იოსელიანი.

Subscribe to our news

Get the main news of the day