Home
Category
TV Live Menu

ვანო მთვრალაშვილი: ნავთობკომპანიების მხრიდან ზემოგება არსად ფიქსირდება

56fcdd1c2b5f2
BM.GE
31.03.16 12:14
962
სასამართლო გადაწყვეტილება "სოკარის" საქმეზე 11 აპრილს გახდება ცნობილი. კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სხვა დაჯარიმებულ კომპანიებთან ერთად გაასაჩივრა. კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაჯარიმებული კომპანიებიდან ორის შემთხვევაში სააგენტოს მიაჩნია, რომ პირდაპირი მტკიცებულების გზით შეთანხმებას აქვს ადგილი, რაც ხელშეკრულებითაც დასტურდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბისას აცხადებს, რომ დაჯარიმებული კომპანიებიდან არცერთი კონკურენციის სააგენტოს დასკნას არ იზიარებს. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული სანქცია კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო ტვირთია.

"კომპანიებმა თავიდან ბოლომდე შეასრულეს ის მისია, რაც მათ კანონმდებლობით ეკისრებოდათ. არცერთ ეტაპზე კომპანიების მხრიდან არ დაფიქსირებულა, რომ მათ კანონი დაარღვიეს. პროცედურის აბსოლუტურად ყველა ეტაპზე ისინი მყარად ერთ პოზიციას აფიქსირებდნენ, რომ კონკურენციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ. ბოლო შემაჯამებელ შეხვედრაზე კომპანიებმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მყარი არგუმენტები წარმოადგინეს. ამ პროცესში შესაძლებელი იყო, კომპანიას მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეღიარებინა დანაშაული და ის ამ შემთხვევაში ამ ჯარიმისგან თავისუფალი იყო. კომპანიები დარწმუნებულები არიან თავიანთ სიმართლეში, რომ მათ კონკურენციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ", - აცხადებს მთვრალაშვილი. მისივე თქმით, არცერთ ფინანსურ ანგარიშში, კომპანიების მხრიდან ზემოგებები არ ფიქსირდება.

"ეს მოგებები აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოგებებია. საუბარი იმაზე რომ კომპანიებმა ზემოგება ან რაიმე განსაკუთრებული მოგება მიიღეს არსად დაფიქსირებულა, ამიტომ ეს მართებული პოზიცია არ არის", - განაცხადა მთვრალაშვილმა. მისივე თქმით, კომპანიებს შორის დღეს სერიოზული კონკურენციაა, შესაბამისად აზრი, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ რეალობას მოკლებულია.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day