Home
Category
TV Live Menu

"ვაპირებთ, შენობების რეაბილიტაციები მნიშვნელოვნად შევამციროთ და ამის ნაცვლად ახალი მშენებლობები დავიწყოთ"

58bbdf8c820f4
BM.GE
05.03.17 15:00
1054
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 2017-2018 წლების სტრატეგია წარმოადგინა. რა იცვლება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და რატომ არის სამოქმედო გეგმაში ნაკლები რაოდენობის ბინების რეაბილიტაცია დაგეგმილი, - თემაზე "საქმიან დილასთან" დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საუბრობს.

-ბატონო სოზარ, სტრატეგია რამდენიმე ძირითადი ამოცანის შესრულებას ისახავს მიზნად. მიმდინარე წელს ნაკლები რაოდენობის ბინის რეაბილიტაცია განხორციელდება, თუმცა სტრატეგიაში წერია, რომ აქცენტი მშენებლობებზე და გრძელვადიანი განსახლების სხვა პროგრამებზე კეთდება. კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში?

-პრაქტიკულად ძირითადი მიმართულებები იგივე რჩება და გრძელდება, თუმცა ვაპირებთ, რომ რეაბილიტაციები მნიშვნელოვნად შევამციროთ, რადგან რეაბილიტაცია გულისხმობს იმ ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული ობიექტების გადაკეთებას საცხოვრებლებად, რომლებსაც გარკვეულწილად ამორტიზების ვადაც გასული აქვთ და რაც უნდა გააკეთო, ის მაინც ვერ მოდის იმ ახალაშენებულ შენობასთან ხარისხით, როდესაც თანხა ხშირ შემთხვევაში იგივე იხარჯება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი რამდენიმე მიმართულებით ავიღოთ, რაც აქამდეც იყო. ეს არის ახალი მშენებლობები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. ეს არის "სოფლის სახლის" პროგრამა, რომელიც ძალიან კარგი პროექტია და კარგად მუშაობს და ვაპირებთ, რომ ამ თემაზე ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 34 -35 მილიონი დაიხარჯოს, მაშინ, როდესაც გასული სამი წლის განმავლობაში 21 მილიონი დაიხარჯა. ასევე ვფიქრობ, რომ მესამე პროგრამაც ძალიან კარგად მუშაობს, ეს იპოთეკური სესხების პროგრამაა, რომლითაც ჩვენ იმ ოჯახებს ვეხმარებით, ვინც იპოთეკით შეიძინა სახლი. ჩვენ მათ დაახლოებით 20 ათასი ლარის ფარგლებში ვუწევთ დახმარებას.

-თქვენ აღნიშნეთ, რომ თანხების დახარჯვა უფრო ეფექტურად გინდათ და რეაბილიტაციიდან სხვა პროგრამებზე იქნება მიმართული. დაახლოებით რა თანხა აკლდება რეაბილიტაციის პროგრამას და ეს თანხა როგორ გადანაწილდება?

-არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს აქამდე რაღაც ცუდს ვაკეთებდით და ახლა უკეთესს ვაკეთებთ. ეს რეაბილიტაციები აქამდე საკმაოდ ეფექტური იმიტომ იყო, რომ ძალიან ხშირად რეაბილიტაცია იმ შენობებს უკეთდებოდა, სადაც თვითონ დევნილები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამის გარდა, სახელმწიფო ცარიელ შენობებს იღებდა და რეაბილიტაციას უკეთებდა. იყო 40-50 წლის შენობები, რომლებსაც გამაგრება სჭირდება, ამის შემდეგ სახურავის გამოცვლა, მთლიანად შიდა ტიხრების მოხსნა, კანალიზაციის, წყლის, ბუნებრივი აირის შეყვანა და ა.შ. და ეს ყველაფერი დაახლოებით იგივე ფასი ჯდება, რაც ახალი მშენებლობა. ამ მიმართულებით რამდენიმე ათეული მილიონი იხარჯებოდა და ეს თანხა სწორედ ახალ მშენებლობებზე და ’’სოფლის სახლზე“ გადავა. ახალი მშენებლობა კი ბევრად უფრო ეფექტური გამოდის, მითუმეტეს, რომ ჩვენ ახალ მშენებლობებში რამდენიმე განსხვავებული პროგრამა გვაქვს. ეს არის, როგორც მშენებლობები, რომლებსაც სამინისტრო აწარმოებს, ისე გამოსყიდვები იმ კერძო მენაშენეებისგან, რომლებიც აშენებენ. მეორე პროგრამის უპირატესობა ისიც არის, რომ ამ შემთხვევაში ერთად ხდება განსახლება დევნილების და არა დევნილების და ინტეგრაცია უფრო წინ წასული პროცესია.

-აღნიშნეთ, რომ "სოფლის სახლის" პროგრამის დაფინანსება იზრდება, დღეს რა შედეგები გავქვს აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რამდენად ეფექტურია იგი?

-როდესაც მე ამ უწყებაში მოვედი, 2014 წელს 60 სახლის შესყიდვა იყო დაგეგმილი. ეს იყო მთელი წლის ამოცანა და გეგმა. მაშინ ჩვენ მიდგომა შევცვალეთ და ახლა დაახლოებით თვეში 50-60 სახლის შესყიდვა ხდება. წელს დაახლოებით 1000-მდე სახლი შეიძლება იქნეს შესყიდული იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მოთხოვნა. უმრავლეს შემთხვევაში, დაახლოებით 95% ეს არის სახლის, რომელსაც თავისი მეურნეობა მიწა, პლანტაცია ახლავს, ზოგჯერ ხილის ბაღი, ხან ციტრუსი. იყო შემთხვევები, როდესაც მეთევზეობისთვის გამზადებული მეურნეობა ახლდა და ა.შ. ასევე შემთხვევები იყო, როდესაც ამ 25 ათასად შეძენილ გარემონტებულ სახლს 8 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა ახლდა, რაც სრულიად საკმარისია მცირე ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად. ეს ადამიანები არა მხოლოდ ინტეგრაციას ახდენენ იმ ადგილთან, სადაც სახლდებიან, არამედ მათ ავტომატურად უჩნდებათ შემოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორი ამოცანა ერთად გადავწყვიტოთ. ერთი არის სიღარიბის დაძლევის ამოცანა და მეორე, მათ საკუთრება, ბინა უჩნდებათ.

-მიმდინარე წელს სტრატეგიის ბიუჯეტი როგორ არის გაწერილი?

-მთლიანი სამინისტროს ბიუჯეტი 85 მილიონია, საიდანაც 70 მილიონი მთლიანად დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ხმარდება. ჩვენი სამინისტრო რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მათ შორის არის ეკომიგრანტები, ჩვენ მიერ ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტები, ამაში შედის უცხოელი მიგრანტებიც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან. გამოყოფილი თანხიდან ძირითადი თანხა 70 მილიონი სწორედ დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე იხარჯება. დანარჩენი სოციალური პროგრამებია, რომლებიც ერთჯერადი დახმარებებია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალში დევნილების დახმარება კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმა, რაზეც ვმუშაობთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მთლიანობაში ის 250 მილიონი ლარი, რომელიც დევნილებისთვის არის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტში სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად განსახლებას და ღარიბი დევნილების დახმარებას მოხმარდეს იმის ხარჯზე, რომ დახმარება შეუწყდეთ იმ დევნილებს, რომლებიც ეკონომიკურად შედარებით უზრუნველყოფილი არიან.



Subscribe to our news

Get the main news of the day