Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ვაქცინაცია ექიმისთვის პროფესიონალიზმის ტესტია“ - ეკატერინე ქავთარაძე ქალების ნარატივში

BM.GE
24.05.21 14:47
421

როდისაა რეკომენდებული აცრა მათთვის, ვინც კოვიდ-19 გადაიტანა?  - ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძე „ქალების ნარატივში“

 

-როგორც განაცხადეთ, აცრილ თანამშრომლებს გარკვეულ „ბენეფიტებს“ სთავაზობთ, მათ შორის, 500-ლარიან ვაუჩერს სტაციონარული მომსახურეობისთვის, 5-დღიანი დამატებით ფასიანი შვებულება და ა.შ; რა გახდა ამის განმაპირობებელი?

-ექიმი ხშირად ნავიგატორია პაციენტებისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით; ეს საკითხი მხოლოდ ე.წ ბენეფიტებზე არ გადის, ეს დამატებითი მოტივაციაა, აქ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, თანამშრომლებისთვის ვმართავთ ხოლმე ვებინარებს; არ მინდა ისე იყოს აღქმული, რომ რომელიმე სამედიცინოს პერსონალის წარმომადგენელი საჩუქრის გამო აიცრება, უბრალოდ ამით კომპანია აფასებს მათ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ზოგადად საზოგადოებას, კითხვები ბევრია, ცნობიერება ასამაღლებელია, რასაც მხოლოდ „ევექსი“ ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ იქნება მცდელობა რომ ვებინარები მაქსიმალურად საჯარო იყოს, ჩაერთონ ყველანი, ვისაც სურვილი ექნება; ივნისის თვიდან ვებინარების ღია პლატფორმა იქნება. 

 

-მოქალაქეებისთვისაც თუ არის გათვალისწინებული მსგავსი წამახალისებელი პროექტი? 

-პირველ რიგში, ეს შეღავათები რაც ჩვენს თანამშრომლებს აქვთ, მათი ოჯახის წევრებზეც გავრცელდება. ჩვენს თანამშრომლებს სერვისებზე 50%-იანი ფასდაკლებაა აქვთ - დიაგნოსტიკასა და ამბულატორიაზე. ასევე ყველა უმცროს და საშუალო სამედიცინო პერსონალს, რომელიც აიცრება, ექნებათ სააფთიაქო ქსელის 150 ლარიანი ვაუჩერი. 1 სექტემბრამდე, რომელი ჰოსპიტალიც მიაღწევს 80%-იან მოცვას, იქ ყველა თანამშრომელს ექნება დამატებით 5 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება. რაც შეეხება მოქალაქეებს, გვსურს გავაკეთოთ კონკრეტული შეთავაზებები, რომებსაც ვამუშავებთ, სამინისტროსთანაც გვაქვს კომუნიკაცია. თუ შეთანხმებული იქნება პოლიტიკის განმსაზღვრელებთან, თანახმა ვართ ეს ამბულატაორიულ-დიაგნოსტიკური შეთავაზებები მოსახლეობაზეც გავავრცელოთ.  

 

-ვაქცინაციას გართულებები თუ მოჰყოლია?

-ჩვენს ქსელში თითქმის ყველა ჰოსპიტალია აცრის პროცესში ჩართული; ჩვენთან სერიოზულ გართულებას ადგილი არ ჰქონია, უფრო არის ხოლმე წინასწარი ემოციური ფონი, თუმცა ხედავენ რომ აცრის მერეც დადგენილი 45 წუთის განმავლობაში მათ აკვირდებიან. რაც შეეხება იმას, რომ აცრას თან ახლავს ხოლმე ტემპერატურული რეაქცია, ეს არცერთი ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ გართულებად არ ითვლება. 

 

-როდისაა რეკომენდებული აცრა მათთვის, ვინც კოვიდ-19 გადაიტანა?  

-მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ 4 თვის მერე იზრდება რისკი ადამიანი თავიდან დაინფიცირდეს, ამიტომ 120 დღის თავზე პროტოკოლით აცრა მოწოდებულია. 

 

-რამდენად დამაკმაყოფილებელია აცრის ის ტემპი, რასაც თქვენს კლინიკაში ხედავთ?

-გვინდა, რომ ტემპი უკეთესი იყოს. ისმის ხოლმე ქვეყნის გაკიცხვაც, რასაც არ ვემხრობი; ვიტყოდი, რომ ყველა ქვეყანას ახლავს თან ასეთი დამოკიდებულებები ახალი ვაქცინის მიმართ, არა მხოლოდ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ აცრებზე.

 





სტუმარი: ეკატერინე ქავთარაძე - ევექსი ჰოსპიტლები, დირექტორის მოადგილე.

Subscribe to our news

Get the main news of the day