Home
Category
TV Live Menu

ვასილ რევიშვილი: მოხმარების ზრდას ლარის გაუფასურებას ვერ მივაწერთ

582a9f1066e3f
BM.GE
15.11.16 09:35
914
პრემიერმინისტრმა ლარის დასტაბილურებისათვის რეგულეციები დააანონსა. რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია, ლარის მორიგ ვარდნას კი უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დიდ მოცულობას უკავშირებს. კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს - რა სჭირს ლარს, - თემაზე "ბიზნესკონტრაქტთან" ფინანსისტი ვასილ რევიშვილი საუბრობს.

- ბატონო ვასილ, თქვენ რამდენად უკავშირებთ უარყოფით სავაჭრო ბალანსს ლარის გაუფასურებას და არის თუ არა ეს მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს გაუფასურებული ლარი გვაქვს?

-რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ვალუტის გაუფასურება, პირველ რიგში უარყოფითი სავაჭრო ბალანსისგან გამომდინარეობს, თუმცა საქართველოსთის ეს სიახლე არაა. ჩვენ დღიდან დამოუკიდებლობისა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. იმპორტის მნიშვნელოვან გაზრდას რაც შეეხება, აქ ცოტა ჩასწორებაა ალბათ საჭირო, რადგან იმპორტის ასეთი 30%-იანი ზრდა C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების იმპორტით გამომდინარეობს, რომელიც ყველამ იცის, რომ საჩუქარია და რეალურად ვალუტის გადინებაში არ კონვერტირდება. თუ ჩვენ ამ სამკურნალო საშუალებების იმპორტზე ინფორმაციას ჩავასწორებთ, იმპორტი არ გაზრდილა, მეტსაც გეტყვით, პირიქით შემცირდა. ოქტომბრის ციფრები დაახლოებით იგივეა, რაც წინა თვეებში დაფიქსირდა კვლავ მედიკამენტებზე ჩასწორებით. შესაბამისად ბალანსი არ შეცვლილა იგივეა, რაც 2015 წელს იყო, მგონი სექტემბრის მონაცემით მხოლოდ 140 მილიონით არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვანი ცვლილება არაა.

- შიდა მოხმარების ზრდასთან მიბმა იმისა, რაც პრემიერმა ახსენა სტატისტიკის მონაცემებით ასე არ არის...

- წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მამოძრავებელი ფაქტორებით მოხმარება თუ არ ვცდები, მხოლოდ 2%-ით არის გაზრდილი, ანუ უმნიშვნელოდ, რაც თავის მხრივ კარგია, იმიტომ, რომ ეკონომიკის სტრუქტურა სწორდება და არ არის კარგი, როდესაც ეკონომიკის ზრდა მხოლოდ მოხმარებაზეა დაფუძნებული, ვინაიდან ეს ე.წ. საპნის ბუშტია, რომელიც ადრე თუ გვიან გასკდება. ეკონომიკის ზრდა ძირითადად კაპიტალის ზრდით არის განპირობებული, რაც კარგი ფაქტორია. შესაბამისად, მოხმარების ზრდას ლარის გაუფასურებას ვერ მივაწერთ.

- მთავრობა რეგულაციებს აანონსებს და რა რეგულაციების პირობებში შეიძლება მივიღოთ ეფექტური მმართველობა?

- ყველაზე მარტივი რეგულაციაა დააწესონ, რომ არ შეიძლება დოლარი 2 ლარზე მეტი იყოს, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ნახევრად ხუმრობით რეგულაციაც არის და რეგულაციაც, მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ისეთ რეგულაციას, რომელიც დოლარს ხელს უშლის, ამ შემთხვევაში დოლარით დაფინანსებით სესხების გაცემას. მე უფრო მომხრე ვარ იმ რეგუილაციების, რომელიც საბანკო სექტორში ლარის გავლენის გაზრდას შეუწყობს ხელს.

- არაჰეჯირებულ სესხებზე იყო საუბარი, ამ რეგულაციის მიღების შემდეგ, მეტი იქნება უარყოფითი შედეგი იგივე კომერციული ბანკების მიმართულებით?

- არაჰეჯირებული სესხები ისედაც შეზღუდულია, ბანკები თავის ვალდებულებებს და აქტივებს ვალუტის ჭრილშიც აბალანსებენ, შესაბამისად არაჯიჯერებული სესხების არ გაცემაა სწორედ იმის მიზეზი, რომ ძირითადი სესხები დოლარშია. თუ დეპოზიტების შემოდინება დოლარშია, სესხებიც დოლარში გაიცემა, ვინაიდან ბანკს არ აქვს ინსტრუმენტი, რომ სესხი ლარში გასცეს იმ დროს, როდესაც ვალდებულებები დოლარში აქვს.

- რა მოლოდინები გაქვთ, როგორ შეიძლება ლარის ტენდენცია განვითარდეს?

- ამაზე პროგნოზის გაკეთება ცოტა ძნელია, იმიტომ რომ სეზონურად, რა თქმა უნდა, მოხმარება იმატებს, თუმცა სეზონურად იმპორტიც იმატებს. ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იყოს, ნავთობის ფასი. ნავთობის ფასის ზრდამ შესაძლოა იმპორტის კიდევ ზრდა გამოიწვიოს, რომელსაც მოხმარების დაწევა გაუჭირდება. შესაბამისად მნიშვნელოვანია რა ტენდენცია იქნება ამ შემთხვევაში ნავთობის ფასების მიმართებაში და რამდენად გაიზრდება მოხმარება. თუ აქამდე მოხმარების ზრდა მნიშვნელოვანი არ იყო, მე ვფიქრობ, რომ დეკემბერში ასე თუ ისე ნეიტრალური ეფექტი ექნება, ერთმანეთის გამაბათილებელი ეფქტი ექნება მოხმარებისა და იმპორტის ზრდას. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი უცვლელი დარჩა და მონეტარული პოლიტიკა თუ არ გამკაცრდა, ლარის კურსში მნიშვნელოვან ცვლილებას მე არ ველოდები.

Subscribe to our news

Get the main news of the day