Home
Category
TV Live Menu

ვატო ლეჟავა: "გაუგებარია, გადასახადების გაზრდის გარეშე საპენსიო რეფორმა როგორ იმუშავებს"

58fb2a1f3699e
BM.GE
22.04.17 15:10
983
სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში საქართველო 285 მილიონ დოლარს მიიღებს. თანხა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას მოხმარდება. რესურსს სამთავრობო რეფორმებისთვის გამოიყენებენ. მათ შორის, საპენსიო და მიწის დეპოზიტების დაზღვევის მიმართულებებით, - თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვახტანგ ლეჟავამ ისაუბრა.

-ბატონო ვახტანგ, ეს რეფორმები ეკონომიკის სწრაფ, მაღალ და ინკლუზიურ ზრდას ხელს შეუწყობს, როგორც ეს უნდა მთავრობას პრემიერის ოთხ პუნქტიანი გეგმის მიხედვით?

-უპირველეს ყოვლისა, თვითონ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, როგორც ორგანიზაციის, ბუნებაში უნდა გავერკვეთ. მისი ამოცანა არ არის, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. მისი ამოცანა რისკების დაზღვევაა, რომ შემდეგ ქვეყანას ფინანსური კრიზისი არ ქონდეს, რაშიც შემდეგ სავალუტო ფონდს აქტიური მონაწილეობა მოუწევს. ამ ორგანიზაციის საქმიანობის არც ერთ ეტაპზე მისი ამოცანა მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა არ ყოფილა. მათ კონსერვატიული მიდგომები აქვთ, როდესაც ყურადღებას ძირითადად ბიუჯეტის დაბალანსებას აქცევენ და ამისათვის მათთვის ყველა მეთოდი მისაღებია, მათ შორის, მაგალითად, გადასახადების ზრდა. მეორე ნაწილი ის არის, რომ თვითონ IMF-ის ყოფნა ქვეყანაში კარგის მაჩვენებელი არ არის. საქართველოში იყო დრო, 2008 წელს IMF-ი მისიას ხურავდა, რადგან თვლიდა, რომ მისი საქმე აქ აღარ იყო. შემდეგ ომი მოხდა, მსოფლიო ფინანსური კრიზისი იყო და იგი დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ თავისთავად უკვე პროგრამა რომ გვაქვს ეს არაფერს კარგს არ ნიშნავს. თვითონ პროგრამის შინაარს რაც შეეხება, ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, გაუგებარია, რა საპენსიო რეფორმაზე არის საუბარი. მთავრობამ აქამდე ვერ შეძლო, ეს აეხსნა. მითუმეტეს ეს მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიან და ასეთი მომავალ პენსიონერებში ნახევარიც არ არის და დარჩენილ მეორე ნახევარს რას უშვებიან გაუგებარია. ასევე, გაუგებარია გადასახადების გაზრდის გარეშე ეს საპენსიო რეფორმა როგორ იმუშავებს და ა.შ. კაპიტალის ბაზრის განვითარებას რაც შეეხება, საქართველოს მთავრობა ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ მიმითითებს ერთ ქვეყანას მაინც გარდამავალი ეკონომიკით, სადაც კაპიტალის ბაზრები განვითარდა, ამ მაგალითს მე აუცილებლად შევისწავლიდი და დასკვნას გამოვიტანდი. ასეთი მაგალითი არ არსებობს.

-როგორც თქვენ აღნიშნეთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძირითადად ერთ მაჩვენებელს უყურებს და ეს საბიუჯეტო დეფიციტია და ჩვენ დავინახეთ, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც IMF-მა გასცა ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, მთავრობამ ყველაფერი გაითვალისწინა და პრაქტიკულად სრულად შეასრულა. შეგიძლიათ გვითხრათ რა შედეგი მივიღეთ აქედან და ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ეკონომიკაში რა შეიცვალა?

-ის შედეგი მივიღეთ, რომ ფაქტიურად ორი წელია ეკონომიკის ზრდა არ გვაქვს და მეტი რა შედეგი უნდა მივიღოთ? კიდევ გავიმეორებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამოცანა არ არის ეკონომიკის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა, ხოლო საქართველოს მთავრობის ამოცანა არის. სავალუტო ფონდი ხშირად და უმეტესად იმ რეკომენდაციებს აძლევს, რასაც მთავრობა თვითონ შესთავაზებს სავალუტო ფონდს. მაგალითად, დეპოზიტების დაზღვევა ათი წლის წინაც შეეძლოთ პროგრამაში ჩაეწერათ, მაგრამ მაშინ მთავრობა დეპოზიტების დაზღვევას არ აპირებდა, რადგან საჭიროდ და სასარგებლოდ არ მიაჩნდა. ახლაც იგივეა, მართალია, ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს, თუმცა ამის განხორციელება ორი წლის მერეც შეიძლება უმტკივნეულოდ, ვიდრე ეს ახლა არის წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში იმ პროექტებში, რომლებიც მე ნანახი მაქვს.

-როგორ შეგვიძლია გამოყოფილი 285 მილიონ აშშ დოლარი გამოვიყენოთ ისე, რომ რისკები, რომელსაც სავალუტო ფონდი ხედავს დაზღვეული იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლებელი იყოს თუნდაც იმ საპროგნოზო მაჩვენებლის მიღწევა, რომელიც თვითონ საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს და ეს 3.5%-ია...

-ზოგადად ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ქვეყანაში არ უნდა გვქონდეს, რადგან ამაში არაფერი კარგი არ არის და ის ამოცანები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას უდგას წინ პოლიტიკის ადგილობრივი ინსტრუმენტებით უნდა იყოს შესრულებული. ამისთვის კი დესუვერენიზაცია საჭირო არ არის, რომ ვიღაცას ჩავაბაროთ ანგარიში, რომ რაღაც ’’კარგი“ გავაკეთეთ. თუ კარგია, ყოველგვარი დესუვერენიზაციის გარეშეც შეიძლება ამის გაკეთება. მე იმ პროგრამაში მაინც და მაინც კარგს ვერაფერს ვხედავ. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სახელმწიფო ხარჯები შეგვემცირებინა და ის რეგულატორი დანახარჯები შეგვემცირებინა, რომელიც ქართულ ბიზნესს აქვს და ამით საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი გაგვეუმჯობესებინა, რაც ძალიან მარტივი ამოცანაა. IMF-ს აინტერესებს არითმეტიკა, ანუ პლუსები და მინუსები უნდა დაბალანსდეს და როგორ უნდა დაბალანსდეს ამისთვის ქვეყანას სუვერენული უფლება უნდა ჰქონდეს, თავად გადაწყვიტოს.



Subscribe to our news

Get the main news of the day