დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის ერთ-ერთი მიზანი კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება დასახელდა, თუმცა "თი ბი სი" ბანკი არ თვლის, რომ ეს მიმართულება დღეს საბანკო სექტორისთვის აქტუალურია. "თი ბი სი" ბანკის გენერაური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ მათ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდათ. მისი განმარტებით, დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება საბანკო სექტორს ხარჯს გაუზრდის, რაც წლიურად 15 მილიონიდან 20 მილიონ ლარამდეა. არსებული თანხის კომპესირება კი სავარაუდოდ კერძო სექტორს საპროცენტო განაკვეთების ხარჯზე მოუწევთ.
"ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს თემა საბანკო სექტორისთვის არ არის აქტუალური. სხვა უფრო საინტერესო პროდუქტები შეიძლება განხორციელდეს. არ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ დეპოზიტების დაზღვევის შემთხვევაში შეიძლება ნდობა გაიზარდოს. ნდობა არის იმაზე მეტი, მეტი ვიდრე აუცილებელია. არ ვთვლით, რომ ამით რაღაც ახლის მიღწევა შეიძლება. ეს საბანკო სექტორს დააწვება 15-20 მილიონ ლარამდე ხარჯით, რაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება აისახოს დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებში და სესხების საპროცენტო განაკვეთებში", - განუცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ "ბიზნესკონტრაქტს".