"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს. ამის შესახებ ბუცხრიკიძემ "ბიზნესკონტაქტს" "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.
"მე საბანკო სფეროს წარმოვადგენ და სუბიექტური ვიქნები, მაგრამ როგორც მიდის საუბრები, მიკროსაფინანსო სექტორი რეგულაციებში უნდა მოექცეს. მე მაინც მომხრე ვარ, რომ ბაზარი ღია, თავისუფალი უნდა იყოს და შესაბამისად, კონკურენტულ გარემოში მომხმარებელმა საუკეთესო მომსახურება უნდა მიიღოს, ანუ რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება, მით უკეთესია", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებისთვის მუშაობა პარლამენტს მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ვერ მოასწრო. როგორც "ბიზნესკონტაქტს" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძემ განუცხადა, ჯერ-ჯერობით პარლამენტს, მიკროსაფინანსოებსა და ეროვნული ბანკს "მიკროსაფონანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე შეჯერებული პოზიცია არ აქვთ. მოსაზრებებს შორის განსხვავება ძირითადად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დეპოზიტების მიღების უფლების მინიჭების საკითხს ეხება.