Home
Category
TV Live Menu

"ვენახების გაშენებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა"

5a7689819bd54
მაია ბიწაძე
04.02.18 15:00
1103
საქართველოში ვენახების გაშენებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია ,,ჯეოპლანტში“ განუცხადეს, რომელიც ვაზის ნერგის უმსხვილესი მწარმოებელია. სანერგე წინანდალში 80 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული, საიდანაც 20 ჰექტარზე საძირე გამოჰყავთ, 20-ჰექტარზე კი, ყოველწლიური მონაცვლეობის რეჟიმში, ვაზის ნერგის წარმოება ხდება.

"მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ შეკვეთებს მინიმუმ ერთი წლით ადრე ვიღებთ. თუ რამდენიმე წლის წინ, ჩვენს მიერ წარმოებული ნერგის 70% ექსპორტზე გაგვქონდა, ახლა 100%-ით საქართველოში ვყიდით. ბოლო ორი წელია კომპანია 1,5 მილიონ ნერგს ყიდის, რაც მეურნეობის მაქსიმალური წარმადობაა. ძირითადი დამკვეთები ღვინის მსხვილი კომპანიები არიან, რომლებთანაც კონტრაქტები წინასწარ გვაქვს გაფორმებული. 2008-დან 2012 წლამდე ჩვენი ძირითადი გაყიდვები აზერბაიჯანსა და უკრაინაზე მოდიოდა, ახლა კი მათთვის ნერგი აღარ გვრჩება, მაშინ წელიწადში 400-500 ათას ნერგს ვყიდდით, ეხლა კი რეალიზაცია გასამმაგებულია და მოთხოვნას კიდევ ვერ ავუდივართ“ - განუცხადა Bm.ge-ს კომპანია ,,ჯეოპლანტის“ მთავარმა აგრონომმა გელა ბაბუნიძემ.

"ჯეოპლანტის“ სანერგე მეურნეობა წინანდალში 2004 წელს, ფრანგი კონსულტანტების ჩართულობთ გაშენდა. ამჟამად ადგილზე ძირითადად ქართული ჯიშის ვაზის ნერგებს აწარმოებენ: საფერავს, რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს და ხიხვს. კომპანია სეზონზე 200 ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ, წარმადობის გაზრდის მიზნით, მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით აღჭურვას გეგმავენ, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებული აქვთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day