ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ დაუზღვეველი ავტომობილები საზღვარზე არ შემოუშვან,- ამის შესახებ "საქმის კურსს" "სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის" ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა. საუბარია უცხოეთში რეგიტრირებულ ავტომობილებზე, რომლებიც ვალდებული იქნებიან, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა შეიძინონ.
დევი ხეჩინაშვილის თქმით, კანონპროექტში, რომელიც მომზადებულია, არ არის მითითებული, რომ სადაზღვევო პოლისი საბაჟო გამშვებ პუნტქზე უნდა გაიცეს, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიებს, მოუწევთ, მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მოაწყონ პოლისების გამცემი პუნქტები.
"სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის" ხელმძღვანელის განცხადებით, საზღვრის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყებები აცხადებენ, რომ პოლისების საბაჟო გამშვებ პუნტქებზე გაცემა რიგებს გამოიწვევს, რაც პროცესს შეაფერხებს.
ხეჩინაშვილი ამბობს, რომ სავალდებულო სადაზღვევო პოლისების საბაჟოზე გაცემა დადგენილი პრაქტიკაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში (გარდა სომხეთისა) და ევროპაში.
რაც შეეხება ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას, დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტი უკვე შემუშავებულია და მთავრობაშია დასამტკიცებლად. ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ პარლამენტი კანონპროექტს საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს. კითხვაზე, როდის ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევა, დევი ხეჩინაშვილი პასუხობს, რომ როგორც კი სისტემა ტექნიკურად გაიმართება, დაზღვევაც ამოქმედდება.
მისი თქმით, ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა საქართველოში ბევრად იაფი ეღირება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ამასთან, სადაზღვევო ლიმიტებიც ბევრად უფრო მაღალი იქნება.
"სამწუხაროდ,ჩვენ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური საფძვლები ცუდი გვაქვს. მაგალითად, ევროპაში ავტომობილების 5%-ში ხდება საგზაო შემთხვევა, სომხეთში ეს რიცხვი 12%-ია, ჩვენთან კი მხოლოდ 0,6%-ია აღრიცხული. ე.ი. რაღაც პრობლემაა სტატისტიკაში",- აცხადებს ხეჩინაშვილი.