"ვფიქრობთ, რომ ელექტროენეგიის წარმოების ტარიფის ზრდა სამომხმარებლო ტარიფზე არ იმოქმედებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა. მისი თქმით, ენგურჰესისთვისაც და ვარდნილჰესისთვისაც ტარიფის გადახედვა თითქმის 10 წელია არ მომხდარა და მათი მხრიდან კომისიისთვის მიმართვა, შემოსავლებს უკავშირდება, - შონიას განცხადებითვე ორივე კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვთ.
"მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ საწარმოს შეუძლია მომართოს კომისიას. შპს ენგურჰესისა და ვარდნილჰესისთვის დიდი ხანია ტარიფი არ გადათვლილა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ შემოეტანათ განაცხადა. მიზეზი ალბათ არის ის რომ არ ყოფნით ის შემოსავლები რაც აქვთ. ორივე კომპანიას აქვს ფინანსური პრობლემები.
რაც შეეხება სამომხმარებლო ტრიფს, - ტრენდი ამ პერიოდში ზრდისკენ არაა. ნებისმიერ ტარიფის ზრდა გენერაციის სექტორში იწვევს კომპანიისთვის შესყიდვის კომპონენტის ზრდას. ამ შემთხვევაში ვალუტის კურსიც მოქმედებს ნეგატიურად, თუმცა არის სხვა კომპონენტებიც, რომელიც მოქმედებს ტარიფზე. ეს ცვლილება სამომხმარებლო ტარიფზე სავარაუდდ არ მოახდენს გავლენას.
კომისია არ ითვლის ტარიფს იმის მიხედვით თუ რა სურს კომპანიას, კომისია ტარიფს ითვლის იმის მიხედვით, თუ რა ხარჯები აქვს კომპანიას", - განაცხადა შონიამ.
დღევანდელი სხდომის შედეგად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული 1კვტ.სთ ელექტროენერგია 1, 189-დან, 1,496, თეთრამდე გაიზარდა.
ტარიფები ფაქტობრივად გაორმაგებულია ვარდნილჰესის კასკადის შემთხვევაში და ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგია 1,17 თეთრის ნაცვლად, 2,88 თეთრი ეღირება. აღნიშნული ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა.