თურქეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან, ნიჰათ ზეიბექჩისთან.
შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ღრმა მწუხარება გამოხატა თურქეთში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების გამო და საქართველოს მთავრობის სახელით, მიუსამძიმრა გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი განცხადებით, ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ თურქეთი უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმოადგენს საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. 2015 წლის სავაჭრო ბრუნვამ 1 517 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა 23%-ით.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც უკვე დღეს თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს და აუცილებელია მისი განახლება. როგორც აღინიშნა, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თურქეთის მხრიდან განხილულ იქნას ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა: თაფლი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, ხორცი, ყურძენი, ჩირი, ჩაი, ხილის წვენები, ბოსტნეული და ა.შ. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისზრდას თურქეთის ბაზარზე.
„შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ რეალურად გავხსნით ორმხრივ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, რომ იმ პროდუქციას, რომელსაც დღეს აქვს ძალიან მაღალი საბაჟო გადასახადი თურქეთში, ასეთია, მაგალითად, ხორცი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, თურქეთის ბაზარზე შევიტანთ ტარიფის გარეშე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ოფიციალური შეფასებით, საუბარია 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოტენციალზე.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ექსპორტი თურქეთში დაახლოებით 189 მილიონი აშშ დოლარია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შემდეგ კი ექსპორტი 200 მილიონით გაიზრდება.
პირველი ვიცე–პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, თურქული ნედლეულის საქართველოში გადამუშავების შედეგად, შესაბამის სქემით დამზადებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე დაბეგვრის გარეშე შევა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული სქემა, იგივე დიაგონალური კუმულაცია საქართველოს მისცემს საშუალებას, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდეს ახალი დარგები.