საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან ერთად სასკოლო განათლების რამდენიმე საერთაშორისო და ლოკალური კვლევის შეფასების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ პოზიტიური ძვრების მიუხედავად, ქვეყანაში არსებული სურათი საკმაოდ მძიმეა.
"ვითარება არის რთული. ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით იმ ქვეყნების სააშუალო მაჩვენებელებს, რომლებიც საერთაშორისო კვლევებში იღებენ მონაწილეობას. ამაში რათქმაუნდა სასიხარულო არაფერია, თუმცა უნდა დავფიქრდეთ, რატომ ვიღებთ ამ შედეგებს და კონკრტულად რა უნდა გავაკეთოთ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
ჩვენი პირველი ნაბიჯია ამის თქმა საზოგადოებისთვის, რათა სიღმისეულად მოხდეს საკითხის გააზრება. მეორე ნაბიჯია მცირე სკოლების გაძლიერება. აუცილებელია მოტივირებული მასწავლებლების მოზიდვა შევძლოთ. ეს საკმაოდ დიდი თანხები დაგვიჯდება, თუმცა ამის გარეშე შედეგის მიღწევას ვერ შევძლებთ. მესამე და უმნიშვნელოვანესს საკითხს კი დირექტორებისა და ადმინისტრაციული ნაწილის კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს. ამასთან ერთად ძალაში რჩება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამოცანა, სახელმძღვანელოების ამოცანა, ინფრასტრუქტურა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სხვა", - უთხრა „საქმიან დილას“ ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საეთაშორისო კვლევების თანახმად, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში საქართველოს შედეგი წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ის საეთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს. TIMSS-ის 2015 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს შეფასება 450-ია, მაშინ როდესაც საშუალო შეფასება 500-ია. PISA-ს მიხედვით კი საშუალ შეფასება 490-ია, საქართველოსი კი 404.
TIMSS-ის კვლევაში ჯამში 57 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველო 30-ე ადგილზეა. 2015 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილე 70 ქვეყნიდან კი საქართველო 58-ე ადგილს იკავებს.