Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ვორქოჰოლიზმზე უფრო დიდი პრობლემაა, არაორგანიზებული სამუშაო პროცესი“ - თამარ თანდაშვილი ნარატივში

BM.GE
01.02.21 12:25
389

„ვორქოჰოლიზმზე დიდი პრობლემა არაორგანიზებული სამუშაო პროცესია“ -  Life Intelligence ქოუჩინგ მოდელის ავტორი, LIH-ის  დამფუძნებელი თამარ თანდაშვილი „ქალების ნარატივში“

 

-დღეს  დამსაქმებლების უმრავლესობას ახასიათებს ვორქოჰოლიზმის წახალისება და ამ ცნებას თანამშრომლის შრომისმოყვარეობასთან აიგივებს. რატომ თანხმდებიან ადამიანები ამას, შეიძლება ითქვას რომ დასაქმებულთა ნაწილი რეალობას გაურბის, როგორც სხვა ნებისმიერი ადიქციის დროს ? 

-ამ მხრივ, მნიშნელოვანია, თუ სად ვცხოვრობთ. არამგონია, ადამიანებს ჰქონდეთ იმის ფუფუნება, რომ ხშირად იცვალონ სამსახური ან ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი და ხვალინდელი დღე დაცულად წარმოიდგინონ. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი იძულებულია ამას დათანხმდეს.

მეორე მხრივ, ვორქოჰოლიზმზე უფრო დიდი პრობლემა არის არაორგანიზებულისამუშაო პროცესი. ადამიანების დიდი რაოდენობა არასწორი შრომის პროცესის მსხვერპლია, რისი დარეგულირებაც ორგანიზაციის გარდა, თითოეულმა მენეჯერმა და დასაქმებულებმა უნდა იცოდეს.

 

-ბევრი ადამიანი მუშაობს შაბათ-კვირასაც, მისთვის არასამუშაო დროს. ეს არის თუ არა ერთგვარი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება სამუშაოზე?

 

 

-ჩვენ კატაკლიზმების ეპოქაში ვცხოვრობთ. როდესაც დიდი კატაკლიზმა ხდება, ადამიანი ცდილობს გარკვეული მოქმედებებით დაარეგულიროს შფოთვის დონე. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხელეწიფება ყველაზე კარგად. ეს შეიძლება იყოს გართობა, გემბლინგი, ურთიერთობები, ასევე რაღაც პროცესის ამოჩემება და ამ მისი გაძღოლა, რითაც თავს დაცულად გრძნობს, რადგან მას აკონტროლებს. ეს ქმნის ილუზიას, რომ ის ცხოვრებას, ხვალინდელ დღესაც აკონტროლებს. ხშირად ადამიანები მუშაობენ იმიტომ, რომ მათ აღენიშნებათ მაღალი შფოთვა და არ იციან სხვანაირად როგორ იარსებონ. ეს არის ვორქოჰოლიზმის ერთ-ერთი სახე. 

 

-რა თვისებები აქვს ვორქოჰოლიკს?

-ვორკოჰოლიკს შეიძლება ჰქონდეს ძალიან ბევრი თვისება. ერთ-ერთი არის ის, რომ, როდესაც ის პროცესს მიყვება, გამოსვლა ძალიან უჭირს. ეს არის დამოკიდებულების ჩვეულებრივი ფორმა. ისეთივე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს ტვინში, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, გემბლინგის და წამალდამოკიდებულების დროს. ვორქოჰოლიკი დამოკიდებული ხდება სამსახურეობრივ პროცესებზე, რომელსაც ის მიჩვეულია. ეს მას ამშვიდებს და აძლევს სამყაროს პრობლემებისგან გაქცევის საშუალებას. რთულია თვალის გასწორება იმასთან, რომ ხვალინდელი დღე არაპროგნოზირებადი და ბუნდოვანია.  

 

-თქვენ თუ გიმუშავიათ ამ საკითხზე?

-საგულისხმოა ზღვარის გავლება, თუ სად იწყება შენი პირადი სივრცე და დრო, როგორ უნდა დაისვენო იმისთვის, რომ სამუშაოს აღდგენილი ენერგიით დაუბრუნდე. ეს რთული დასარეგულირებელია. ადამიანებს სჭირდებათ ხოლმე დახმარება.  

 

-თავად როგორ ახერხებთ ამის დარეგულირებას?

-არამგონია, რომ ბალანსი გამომუშავებული მაქვს. ამას მხოლოდ თეორიული ცოდნა არ შველის. ძალიან ვცდილობ და ხშირად გამომდის. მე მაქვს რამდენიმე სამსახური, ამიტომ მათი დარეგულირება მიწევს ხოლმე, რათა ერთი სამსახურის სიმძიმე და სააზროვნო სისტემა ავტომატურად მეორეში არ გადავიტანო. 

ადამიანებს სჩვევიათ ერთი საქმიანობიდან მეორეში გადახტომა,მთელი ჩვენი განწყობებით „ტყაპანს გავადენთ“ ხოლმე. ეს არასწორია. ჩვენ გადმოგვაქვს ჩვენი სააზროვნო განწყობები და შეიძლება გარკვეული დასკვნები „გადმოაკოპირო“ ისე, რომ ვერც შეამჩნიო.

 

-არსებობს მოსაზრება, რომ ვორქოჰოლიკები არიან საიმედო მეუღლეები, მზრუნველი მშობლები, გულმოდგინე თანამშრომლები, ჰუმანური უფროსები. ეს რამდენად სწორი დამოკიდებულებაა?

-თავს ვერ დავდებ, რომ ეს ობიექტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც მთელს თავის დროს სამსახურში ხარჯავს, არამგონი დარჩეს ენერგია, რომ მისი ძირითადი პარტნიორის მიღმა პარალელური რომანტიკული ურთიერთობა აწარმოოს. ამას დიდი ემოციური დანახარჯი სჭირდება და როგორც წესი, ვორქოჰოლიკებს ამისთვის დრო არ აქვთ ან არ ემეტებათ.  

 

-რაზეა დამოკიდებული თანამშრომელთა პროდუქტიულობა?

-ბევრი ფაქტორია. პირველ რიგში, ვახსენებთ ხოლმე მოტივაციას. თუმცა, ძალიან ხშირად, ადამიანებს უჭირთ საუკეთესო ხარისხი დადონ, თუ ორგანიზაციაში სტრუქტურა და სისტემა არის მოუწყობელი. ადამიანს არ უყვარს გაუგებრობა, ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯები და ამ მესიჯებით გადაღლა. მას უნდა დარჩეს დრო და ენერგია კონცენტრირებისთვის, მენტალური ემოცია იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილებები მიიღოს. ინფორმაციულ ეპოქაში, ადამიანს გადაწყვეტილებების მიღება ხშირად უწევს, რაც არ არის მისთვის ბუნებრივი. თუ ორგანიზაციის პროცედურები ისე არის გაწერილი, რომ თანამშრომელს ხელს უშლის აზროვნებაში და ის სხვა პარალელურ პროცესში იხარჯება, ეს შრომის ხარისხს ძალიან ქვევით აგდებს. 

 

-თქვენ მიერ დაფუძნებულ ჰაბში ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა?

“Life intelligence hub”სტარტაპია და სულ 4 ადამიანი ვართ ჩართული, გვაქვს თავისუფალი გრაფიკი. ჩვენ გვქონდა ხედვა და ღირებულებითი ერთობა. ეს ადამიანები არიან შესანიშნავი მშრომელები, იციან, სწორად როგორ იშრომონ. რაშიც მოვიკოჭლებთ, იმაზე ძალიან გახსნილად ვსაუბრობთ. 

 

-როგორ შეიცვალა მომართვიანობისას ადამიანის საჭიროებები? რა ტენდენციები იკვეთება?

-ადამიანების მომართვის დროს მათი საჭიროებები და პრობლემები დაახლოებით 2014-2015 წლის შემდეგ შეიცვალა, 2018-2020 წლებში კი თითქოს სხვა ეპოქაში გადავედით. თავიდან იყო ძალიან კონკრეტული მომართვები - ადამიანს ჰქონდა პარტნიორთან არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობა, პრობლემა ოჯახში, სურდათ საკითხების გამოსწორება კარიერულ განვითარებაში, იყო კლინიკური შემთხვევები და ტრავმის შედეგები. 2015-2016 წლების შემდეგ, მასიურად წამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ ერთსა და იმავე ფრაზას სხვადასხვა ინტერპრეტაციით და ფორმით - „აღარ ვიცი როგორ ვიცხოვრო“. მეორე ფრაზაა - „ჩვენ გვაქვს ნომინალურად ყველაფერი იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ არ გვაქვს სიხარულის და სილაღის განცდა“. ამ დროს, ნომინალურად, მართლა ყველაფერი აქვთ და საზრუნავიც არ აქვთ. 

 

-ამ ერთი წლის განმავლობაში, დემოტივირება უფრო მეტად იგრძნობა?

-მე ამას უფრო ეგზისტენციალურ დაბნეულობას დავარქმევდი. კოვიდამდე 4-5 წლით ადრეც ჩვენ განსხვავებულ ეპოქასა და ცივილიზაციაში ვცხოვრობდით. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების გამო, ადამიანი აღმოჩნდა განვითარების იმ ეტაპზე, რომელსაც მისი თავის ტვინის წყობა ვეღარ დაეწია. ადამიანის ტვინი არ არის მოწყობილი იმისთვის, რომ მიიღოს იმ რაოდენობის ინფორმაცია, რასაც დღის განმავლობაში იღებს და თანაც იმ გარემოებებით, რომ ამ ინფორმაციაზე თვითონ არ ჰქონდეს კონტროლი.   

დაახლოებით 10 წლის წინ, ეპოქაში, როცა სმარტფონები ფეხს იდგამდა ან უბრალოდ არ არსებობდა, ადამიანები ინფორმაციას ვიღებდით და ვაგროვებდით კონკრეტული ლოკაციებიდან. ახლა ეს სივრცე გამქრალია, რადგან პატარა მართკუთხედი ობიექტიდან მოდის ინფორმაცია მაშინაც, როცა ეს არ აგირჩევია. 

ადამიანის აგებულებამ ვეღარ გაუძლო იმას, რაც მოიტანა მისსავე შექმნილმა ცივილიზაციამ. ადამიანები განსხვავებულები გავხდით, რადგან აღარ გვაქვს სიღრმე და ჩართულობა. არ ვამბობ, რომ ადამიანს არ აქვს ინტელექტუალური ან ემოციური სიღრმე, უბრალოდ, დრო არ ყოფნის იმისთვის, რომ მასში მიმდინარე ემოციური ან ფსიქიკური პროცესები ბოლომდე მიიყვანოს, იმიტომ რომ ნებისმიერი საუბარი და ჩართულობა შეიძლება გაწყდეს, 5-10 წუთში, როცა მოგივა მესიჯი, იმეილი, ან თუ გაქვს იმპულსი, რომ 10 წუთში ერთხელ ეკრანს თითი უნდა დააჭირო. შესაბამისად, ჩვენი ცხოვრება გართულდა. გარდა ინფორმაციის გაფილტვრისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ მას ჩაუფიქრდეს, ჩაატაროს ანალიზის და სინთეზის მენტალური ოპერაციები, აქციოს ცოდნად და განალაგოს ე.წ ფოლდერებში. 

თანამედროვე ადამიანი ამიტომაც არის ასეთი მშფოთვარე, დაუკმაყოფილებელი, აქვს შიში, რომ სადღაც ცხოვრება ჩქეფს, და მატარებელს თუ არ აახტება, იქამდე ვერასოდეს მიაღწევს. ამას ჰქვია FOMO (Fear of Missing out). 

 

-თქვენ როგორ მიხვედით საკუთარ თავთან ჰარმონიაში?

-საკუთარ თავთან ჰარმონიაში არამგონია რომ ვიყო, მე უბრალოდ მივიღე ჩემი დისჰარმონიულობა. თვითმიმღებლობით ადამიანი მშვიდდება, და მერე ალბათ, ჰარმონიულის შთაბეჭდილებას ტოვებს.   

 

-თქვენი ერთ-ერთი კურსია „გახდი შენი ცხოვრების ავტორი“. ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?

-გვაქვს ილუზია, რომ ჩვენს ცხოვრებას თავად ვქმნით, სინამდვილეში, ადამიანის ცხოვრების სცენარები გაწერილია მის დაბადებამდე თუ ჩასახვამდე  დიდი ხნით ადრე. როდესაც ადამიანი ქვეყანას ევლინება ინფორმაციის და ცოდნის წყაროები მას აწვდის იმ სცენარებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ცხოვრება. ეს სცენარები ძალიან თავისთავადია. თუ შენს გარშემო, ადამიანების უმრავლესობა ამ მიმართულებებით ცხოვრობს, აღარ გიჩნდება აზრი, რომ შეიძლება განსხვავებულად ცხოვრებაც, თუ რა თქმა უნდა, ამას შემთხვევით არ გადააწყდი. თანაც ის, რომ სწორედ ამ სცენარებით იარო, საზოგადოების მხრიდან წახალისებულია. თუ ამ რეპერტუარიდან აღებული ერთ-ერთი გზით დადიხარ, სანაქებო ადამიანი ხარ. ასე ადამიანი ემოციურ კომფორტში იმყოფება. თუ ამ სცენარიდან გადაუხვია, ემოციურად იმხელა საზღაური უნდა გაიღოს, რომ შეიძლება დაფიქრდეს, ეს რამდენად ღირს.

იმისთვის, რომ სცენარიდან არ გადაუხვიო, არსებობს „პოლიცია“, რომელსაც მოჰყავს გზიდან გადახვეული კაცებისა და ქალების მაგალითები, ძირითადად ქალების.   

 

-ეს „პოლიცია“ საიდან იქმნება საზოგადოებაში?

-პატრიარქატიდან. მთელი მსოფლიო ამ სისტემაში ცხოვრობთ. მაგრამ საქართველოში არ არის მოდერნული საზოგადოება, ახლა ვვითარდებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ეს მეტად აისახება. აღსანიშნავია, რომ კაცი დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი პარამეტრით იჩაგრება, მაგრამ ქალებისგან განსხვავებით, არა გენდერის გამო.

 

-როგორ უნდა ამაღლდეს საზოგადოებაში ცნობიერება?

-ეს უნდა იყოს ერთიანი ეროვნული სტრატეგია. მიმართულება თუ გვაქვს დასავლური საზოგადოებისკენ, სადაც ადამიანები თანასწორები არიან, მაშინ არსებობს პოლიტიკური ნება. ეს კი აისახება საზოგადოებრივ პროცესებში, მოღვაწეობაში, ადამიანის განათლებაში, სხვადასხვა სისტემასა და მედიაში. მედიას აქვს განუზომელი როლი. თუ ის სტრატეგიულად და სწორად მუშაობს, ახალი ღირებულებებით თაობების აღზრდა შეუძლია. დღეს ღირებულებების დამკვიდრებაში მედიაზე დიდი რესურსი არ არსებობს. ასე რომ, სწორი აქცენტებით, ეტაპებს სწრაფად გავივლით და მოდერნულები გავხდებით. ეს დღესაც ნელ-ნელა მიმდინარეობს. თანაც, საქართველო პატარა ქვეყანაა და მცირე შეხება და მოვლა უკვე ეტყობა. ამიტომ იმედიანად ვარ, რომ გავა დრო და ამაზე გაცილებით უკეთესად ვიქნებით.

 

-ამდენი საქმის ფონზე, როგორ ახერხებთ განტვირთვას?

-ჩემი მთავარი ჰობია სპელეოლოგია. ექსპედიციას 2 დღე მაინც სჭირდება ხოლმე. ამიტომ ხშირად ვერ ვასწრებ ხოლმე. გამოქვაბული არის თავისი სილამაზით და არსით შეუდარებელი ადგილი, იქ ძალიან სუფთა ჰაერია და გამოსვლასაც თავისი ეფექტი აქვს. შიგნით სუნი არაფერს აქვს და როდესაც გარეთ გამოდიხარ, ყნოსვა განეიტრალებულია. ღრმად უნდა შეისუნთქო და ამ დროს, პირველად გრძნობ იმ სამყაროს სუნს, მთელი თავისი სისავსით, რომელშიც ამდენი ხანი ცხოვრობდი, მაგრამ ყურადღება არ გაგიმახვილებია. იქიდან რომ გამოდიხარ, იმპულსებს უნდა დააკვირდე.  

 

-რას ელოდებით 2021 წელს?

-2021 წელი ძალიან კარგი იქნება ყველასთვის, ნელ-ნელა უკან ვტოვებთ პანდემიის ეპოქას და ამ წელში უფრო დაბრძენებულები შევაბიჯებთ. მძიმე სათქმელია, რომ კოვიდმა საზოგადოებას რამე სარგებელი მოუტანა, მაგრამ შეიძლება დავფიქრდეთ რა ვისწვალეთ, რაც გამოგვადგება 2021-ში. პირველ რიგში ვისწავლეთ, რომ ცხოვრება არის ხანმოკლე, რთული, არაპროგნოზირებადი და როდის დამთავრდება არ ვიცით. შესაბამისად, ეს დაკავშირებულია მის მეტად დაფასებასთანაც, იმ გარემოებასთან, რომ ჩვენს ცხოვრებას სხვამ არ უავტოროს. ადამიანები ეგზისტენციალურად დაბრძენებულები შევაბიჯებთ 2021-ში, ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი, მენტალურად და ემოციურად მდიდარი წელი.




სტუმარი: თამარ თანდაშვილი - Life Intelligence ქოუჩინგ მოდელის ავტორი , LIH-ის დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day