"ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით შეფასებებს "ბიზნესკონტრაქტთან" აკეთებს.
არჩილ კონცელიძე საბანკო სექტორის მაღალი კაპიტალიზაციის პირობებში ორმაგი გადაზღვევის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება საბანკო სექტორისთვის დამატებითი ხარჯია, რომელიც მძიმედ დააწვება როგორც სექტორს, ისე ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას.
"საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი და დიდი კაპიტალიზაციის ნორმები. ისედაც ბანკებს მოეთხოვებათ ძალიან დიდი კაპიტალი და ეს ისედაც აწვება როგორც ბანკებს, ისე ყველას, რადგან რესურსის ღირებულება არის ძვირი. დიდი კაპიტალის მოთხოვნები თავისთავად იცავს დეპოზიტარებს. დამატებით რაღაც რესურსის დაზღვევის შემოტანა და ორმაგი გადაზღვევა არ არის საჭირო. თუ განიხილება ბანკების კაპიტალიზაციის შემცირება, ამაში შესაძლებელია აგრეთვე განხილულ იქნას დეპოზიტების დაზღვევა. ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის უბრალოდ დამატებითი ხარჯი, რომელიც მძიმედ დააწვება საბანკო სესტემას, ეკონომიკას და მოსახლეობას", - აცხადებს არჩილ კონცელიძე.