ადამიანები, რომლებიც დღეს დიდების მწვერვალზე არიან, როგორც წესი ამისთვის მარტივად არ მიუღწევიათ და გზად დიდებისკენ, უამრავ წინაღობას გადაეყარნენ. თუმცა კარიერულ წინსვლაში წინაღობები თავის დანებების მიზეზი არ ყოფილა და პირიქით უბიძგებდა მათ, რომ მეტი ემუშავათ საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად. ლეგენდის თანახმად, ვოლტ დისნეიმ 302-ჯერ წარუმატებლად სცადა დისნეილენდის შექმნისთვის დაფინანსების მოპოვება, თუმცა მან ეს ბოლოს მაინც შეძლო. მეორე კურსზე სწავლისას ოპრა უინფრი კი სატელევიზიო კომენტატორის თანაშემწის ადგილიდან დაითხოვეს, რადგან ოპრა ღელვისგან აკანკალებული ხმით თითქოს ცრემლებს ყლაპავდა, როცა მაყურებელს ქარიშხლის ან საბირჟო მონაცემების შესახებ აცნობდა.
თუმცა, მისი გადაჭარბებული ემოციურობა შეიძლება ითქვას, რომ მისი წარმატების ფორმულაც გახდა და ოპრამ მილიონობით ადამიანს ასწავლა გულახდილი საუბარი ყველაზე საინტერესო, მათ შორის იდუმალ თემებზე. შედეგად "ოპრა უინფრის შოუს" 146-ს ქვეყანაში უჩვენებდნენ. პროექტი აშშ-ში ყველაზე ხანგრძლივ შოუდ არის აღიარებული და 4 561 ეპიზოდს ითვლის.
უფრო შორეულ წარსულში რომ გადავინაცვლოთ, ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ისააკ ნიუტონი გენოსი იყო, მაგრამ მასაც ჰქონდა თავდაპირველად ჩავარდნები. მაგალითად, სკოლაში კარგად ვერ სწავლობდა და როდესაც საოჯახო მეურნეობის სამართავად გააგზავნეს, მან იქაც ვერაფერი ვერ შეძლო. ამის შემდეგ ბიძამისმა ნიუტონი კემბრიჯში გააგზავნა, სადაც საბოლოოდ მეცნიერმა გაიბრწყინა კიდეც. ჰენრი ფორდმა კი წარმატებას 40 წლის ასაკში მიაღწია. უფრო კონკრეტულად, 36 წლამდე ედისონის კომპანიის ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა. პირველი ავტომობილი 30 წლის ასაკში ააწყო, საკუთარი კომპანია კი მხოლოდ 10 წლის შემდეგ დააარსა. თუმცა კომპანია უფრო წარმატებული მას შემდეგ გახდა, რაც 1908 წელს, ავტომობილის მოდელი Ford-ი გამოუშვა. ამ დროს ის უკვე 45 წლის იყო.
სიაში მოხვდა ამერიკელი გამომგონებელი თომას ედისონიც, რომელსაც მასწავლებელი სკოლაში ეუბნებოდა - „ზედმეტად სულელი ხარ იმისათვის, რომ რაიმე ისწავლო“. თუმცა თომას ედისონმა თქვა:”თუ მე ვცდი ათი ათასჯერ რაიმეს და ის არ იმუშავებს, ეს არ ნიშნავს რომ მე დავმარცხდი. არ დავდარდიანდები, რადგან ყოველი არასწორი მცდელობა არის ახალი ნაბიჯი წინ”. შედეგად კი მისი გამოგონებების რიცხვშია ტელეგრაფი და კინეტოსკოპი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალბერტ აინშტაინი 4 წლამდე ვერ ლაპარაკობდა, ხოლო 7 წლამდე საერთოდ არ იცოდა კითხვა, თუმცა საბოლოოდ, მან მოიგო ნობელის პრემია და გახდა თანამედროვე ფიზიკის სახე.
გარდა ამისა, კომპანია ზარას ფლობელი ამანსიო ორტეგა 37 წლამდე მაღაზიაში მუშაობდა დამხმარედ. ოჯახის ხელმოკლეობის გამო, ამანსიომ საშუალო სკოლის დამთავრებაც ვერ შეძლო და 13 წლიდან ტანსაცმლის მაღაზიაში შიკრიკად მუშაობა დაიწყო. როდესაც 37 წლის გახდა,ორტეგამ თავისი ტრიკოტაჟის ქარხანა გახსნა. 2012 წელს კი სააგენტო Bloomberg-მა ორტეგა ევროპის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა - მისი ჰოლდინგი კი დღეს ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Zara, Massimo Dutti, Bershka, Pull & Bear, და Stradivarius-ი