Home
Category
TV Live Menu

"წელს ველოდებით, რომ GEM Fest-ზე უცხოელების რიცხვი 70%-მდე გაიზრდება"

58a81cb6d1b48
BM.GE
18.02.17 15:00
1001
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest, ის ფესტივალია, რომელსაც ექპორტზე გასვლის ამბიცია აქვს. ფესტივალის სულის ჩამდგემლი გიორგი სიგუა "ბიზნესკონტრაქტთან" GEM Fest -ის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

-ბატონო გიორგი, ფესტივალის ექსპორტზე გატანა გაქვთ გადაწყვეტილი, აგვიხსენით რატომ არის GEM Fest-ი საექსპორტი პროდუქტი?

-რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს საფესტივალო რუკაზე გამოჩნდა GEM Fest. ეს პორტალია, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ბაზაა თავმოყრილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თუ შეხვალთ ამ პორტალზე დაინახავთ, რომ ევროპა და აშშ-ის კონტინენტი გადატვირთულია ასეთი ფესტივალებით, ხოლო ჩვენს რეგიონში დაახლოებით 2-3 კილომეტრის რადიუსში ჩვენ ერთადერთი მსგავსი პროდუქტი ვართ. ჩვენ მართლაც გვაქვს იმის ამბიცია, რომ GEM Fest ახალგაზრდული დასვენების და გართობის რეგიონული ცენტრი იყოს. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან კარგ წინაპირობას გვაძლევს იმისთვის, რომ ძალიან დიდი ბაზარი გვქონდეს გარშემო. ეს არის ჩვები მეზობელი ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, საიდანაც უკვე ძალიან ბევრი რეისია დანიშნული კოპიტნარის აეროპორტში და რაც ყველაზე მთავარია, GEM Fest-ის ცნობადობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან სწრაფად იზრდება. შარშან GEM Fest-ზე დამსწრე 51%, ანუ ნახევარზე ოდნავ მეტი უცხოელი ტურისტი იყო. წლიდან წლამდე ეს მონაცემები იზრდება და წელს ველოდებით, რომ ეს რიცხვი დაახლოებით 70%-მდე გაიზრდება. საუბარია, ათეულობით ათას უცხოელ მოქალაქეზე, რომელიც საქართველოში შემოვა და სამეგრელოს ბოლო სოფელში განმუხურში ჩავა. არა ინდუსტრიულ ცენტრებში, არამედ სამეგრელოს ბოლო სოფელში.

-თქვენ აღნიშნავდით, რომ პირველ წელს კომერციული ინტერესი არ გექნებოდათ. ახლა თუ დადგა ის ეტაპი, როდესაც კომერციულ ინტერესზეც შეიძლება იფიქროთ?

-მე მომხრე ვარ იმის, რომ ადამიანმა რაღაც ძალიან მაგარი შექმნას, იშრომოს და ეს ოდესღაც აუცილებლად მოუტანს ფინანსურ და კომერციულ წარმატებას. პირადად ჩემთვის GEM Fest-ის შექმნის დღიდანვე და ადამიანები, რომლებმაც მასში ინვესტიცია ჩადეს, შეგახსენებთ, რომ ეს ფესტივალი თავიდან ბოლომდე კერძო ინვესტიციით გაკეთდა პირველად, ანუ მას საფუძველი კერძო ინვესტიციით ჩაეყარა, ჩვენ არ ვფიქრობდით კომერციულ წარმატებაზე, თუმცა, მისი სწრაფი ტემპებით განვითარების შემყურე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომერციული წარმატება და დიდი შედეგები აუცილებლად დადგება. თუ წელს არ იქნება, არაუშავს, მომავალ წელს იქნება, ან მომდევნო წლებში. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ისეთ რამეს ვქმნით, რაც ბევრ ადამიანს მოსწონს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ძალიან ბევრი ინვესტიციის მოზიდვა მოვახერხეთ განმუხურში, სადაც ამჟამად 100-ზე მეტი ობიექტი შენდება. იქაურობას ვერ იცნობთ. 100-ზე მტი რესტორანი, კაფე, ბარი, მაღაზია თუ სხვადასხვა ობიექტი დაგხვდებათ აშენებული იქ, სადაც 3 წლის წინ ძალიან ძნელი იყო, ვიღაცას ინვესტიცია ჩაედო. ადამიანები სასტუმროების მშენებლობაში დებენ ინვესტიციებს. ფესტივალით ამერიკის სააგენტო USAID დაინტერესდა. იგი დიდ თანხებს ხარჯავს იქ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ფესტივალის სეზონს წელსაც და მომავალშიც. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მიზიდულობის ბირთვი შევქმენით და რა თქმა უნდა, წარმატებაც გარდაუვალია , რომლისკენაც საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ.

-სახელმწიფო თუ გეხმარებათ ამ პროცესში და რა ფორმით?

-სახელმსიფო GEM Fest-ის შექმნის პირველივე დღიდანვე ჩართული იყო. პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მაშინ ეკონომიმკის მინისტრი იყო და მისი ყურდაღების დამსახურებით, GEM Fest-ი სახელმწიფოს დიდი მხარდაჭრით გაიმართა. მართალია, სახელმწიფოს პირველივე წელს ფინანსური დახმარება ფესტივალისთვის არ აღმოუჩენია, მაგრამ დაგვეხმარა ინფრასტრუქტურულ ნაწილში, დაცვის ნაწილში. მან სხვადასხვა საკითხში, რომელიც ფინანსებს საჭიროებენ, დახმარება გაგვიწია.

-ანუ თქვენ ამბობთ, რომ ანაკლიასა და განმუხურში ინფრასტრუქტურა გამართულია?

-მე ვსაუბრობ იმაზე, რომ როდესაც ჩვენ ამ ფესტივალის კეთება დავიწყეთ და გამუხურში პირველად ჩავედით, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი კანალიზაციისა და ჭის ქვეშ არაფერი არ იყო. მთელი მიწისქვეშა სამუშაოები მოსაწესრიგებელი იყო, რაც შეუიარაღებელი თვალით გარედან არ ჩანს. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო თვითონ განმუხურის ბულვარი, ანაკლია-განმუხურის ხიდი. გზას რაც შეეხება, ახლა ანაკლიიდან განმუხურში გადასასვლელი ძალიან კარგი გზა კეთდება, ასევე განათება და ის გარე ეფექტები, რაც ფესტივალს ჭირდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება კომფორტულად იფუნქციონიროს. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ წესრიგდება. მეორე GEM Fest-ი სახელმწიფომ რაღაც ნაწილში დაასუბსიდირა და სახელმწიფოს სხვადასხვა რესურსი გამოვიყენეთ.

-გადასახადის გადამხდელისთვის რატომ არის ღირებული, რომ მთავრობამ ფესტივალი დაასუბსიდიროს, რა თვალშისაცემი შედეგის მომტანია?

-ეს მარტივი არითმეტიკაა, თუ სახელმწიფო რაღაცით გვეხმარება, ჩვენ ჩვენსას ვეხმარებით სახელმწიფოს და ის, რომ ასეთი ტურისტული პროდუქტი არსებობს და ვიზიტორები ჩამოდიან, ძალიან კარგია. შარშან ფესტივალს 51% უცხოელი ტურისტი ესწრებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 16 000 უცხოელი ჩამოვიდა სპეციალურად GEM Fest-ისთვის. ამ ადამიანების საშუალო ხარჯვა რომ ამოვიღოთ, საანგარიშოდ მაგალითისთვის, 1000 ლარი, ტურისტების მიერ დახარჯული ქვეყანაში, აქედან სულ ცოტა 20% მაინც ისევ უკან დაბრუნდება ბიუჯეტში.

-ეს შედეგები სადმე აღრიცხული არის, ამ შედეგებს დოკუმენტის სახე თუ აქვს და სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-რასაკვირველია, სტატისტიკა არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ამ ფესტივალზე მოსახვედრად ადამიანების იდენტიფიცირებაა საჭირო და მათი პასპორტისა და ფოტოს გადაღების საფუძველზე მათ პერსონალური მულტიპასი უმზადდებათ და ბუნებრივია, რომ ჩვენ ზუსტი, მკაცრად აღრიცხული სტატისტიკა გვაქვს თუ ვინ შემოვიდა, სად შემოვიდა და სხვათაშორის, წლევანდელი ზაფხულიდან ჩვენ ჰიბრიდულ სისტემას ვნერგავთ. ადამიანებს ნაღდი ფულითაც შეეძლებათ ანგარიშსწორება, თუმცა მათ სპეციალური სამაჯურები ექნებათ, სადაც ისინი ბალანსს შეავსებენ და გადაიხდიან. ხოლო 2018 წლიდან კი უკვე თავიდან ბოლომდე ყველა თეთრი იქნება აღრიცხული, რომელსაც ტურისტები დახარჯავენ. მე მომხრე ვარ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და თვალნათელი იყოს. ძალიან მიყვარს საუბარი ციფრებით. იცით, რომ მე თვითონ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი და ტურიზმი ისეთი სფეროა, რომელიც კარგად დათვლადია. ძალიან კარგად შეიძლება მათემატიკურად ციფრებში გამოხატო შედეგი, ეფექტი. სხვა დანარჩენ ეფექტებს რაც შეეხება, შეიძლება გამოიყოს გვერდითი ეფექტები, როდესაც სრულიად უსასყიდლოდ ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს, გვაშუქებს CNN, BBC და სხვები და ჩვენი მედია პარტნიორო ტელეკომპანია BBC-ია, რომელიც განმუხურში სტუდიას აშენებს და მთელი თვის განმავლობაში, 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ მეორე დღეს ’’ლაივ ჩართვებს“ გააკეთებს. ეს ხომ ძალიან ბევრი თანხის ღირებულების არის. გეგმებზე კი უკვე გითხარით, რომ 100-ზე მეტი ობიექტი მოეწყობა განმუხურში საფესტივალო ტერიტორიაზე. ჩვენ თვითონ 8 სცენას ვაშენებთ, სადაც 500-ზე მეტი არტისტი ჩვენ სტუმრებს 1240 ივენთს შესთავაზებს.




Subscribe to our news

Get the main news of the day