Georgia Global Utilities-ს ხელმძღვანელი არჩილ გაჩეჩილაძე მთავრობას სოციალურ პოლიტიკასა და ენერგეტიკის დარგის განვითარებას შორის ოქროს შუალედის მონახვას ურჩევს. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ „საქმის კურსს“ იმ ფისკალურ რისკებზე საუბრისას განუცხადა, რაზეც საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიანიშნებს.
„სავალუტო ფონდი რისკების წარმოჩენას ახორციელებს, რაც გასაგებია. გარკვეულ რისკებზე სახელმწიფო შეიძლება, შეგნებულად მიდიოდეს იმისთვის, რომ რაღაც რისკებს მიაღწიოს. შესაბამისად, თუ საქართველოსთვის მეტი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის მიზანი, შეიძლება, რაღაც პროექტებისთვის გამართლებული იყოს ცოტა მეტი ტარიფის გადახდა, მაგალითად, 10-15 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ გარკვეული პროექტები განხორცილედეს. მე მგონია, რომ სავალუტო ფონდის მხრიდან ამ რისკებზე არის ძირითადად საუბარი, რომ გარკვეულ პროექტებზე ხომ არ ხდება ისეთი სატარიფო პოლიტიკის გატარება, რომელიც ენერგოსისტემამ შეიძლება, ვერ აიტანოს და სახელმწიფოს მხარდაჭერა მოუწიოს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი ტიპის ახალი პროექტები, ახალი ენერგია უფრო ძვირია, ვიდრე მაგალითად, 20 წლის წინ აშენებული, ძველი რეგულირებული ჰესები.
„ახალი ჰესებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია, სანამ ინვესტიციის ამოღება არ მოხდება, 6-7 ცენტი ღირს. 6-7 ცენტის ელექტროენერგია რაც უფრო მოიმატებს პროპორციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიფში უნდა აისახოს. ეს განწყობა ნელ-ნელა უნდა შეიქმნას და ის, რომ წლებია ტარიფების მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა, ძალიან რთული იქნება ამის გაგრძელება“, - მიიჩნევს არჩილ გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ როგორც მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ განაცხადა, ფონდი საქართველოს მთავრობასთან ფისკალური რისკების შემცირების მიზნით მუშაობს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.