"ცხოვრება გრძელდება" - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც პენსიონერების დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო კომპანიები, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებენ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მაგრამ მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია. "დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ",- განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ პროგრამის შემუშავებაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო მონაწილეობენ.
რატომ გადაწყვიტა მთავრობამ წინასაარჩევნოდ ამ პროექტის დაწყება?! არის თუ არა ერთ-ერთი მიზანი პენსიონერი ამომრჩევლების გულის მოგება და ა.შ.
პროექტის პრეზენტაციამდე „ბიზნესკონტრაქტზე“ ფინანსთა მინისტრი გამოვიდა, მაგრამ მთავრობა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, სიურპრიზად ტოვებს იმას, თუ რა სახის საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ პენსიონერების დამსაქმებელი კომპანიები. ასევე ამ ეტაპზე უცნობია, როდიდან დაიწყება უშუალოდ პროგრამის განხორციელება, რადგან მას სავარაუდოდ, რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. ნოდარ ხადური ირწმუნება, რომ პროექტს - „ცხოვრება გრძელდება“, მომავალ არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს.
"ყველაფერის არჩევნებთან და საარჩევნო დაპირებებთან მიბმა არ შეიძლება. ეს არაა სწორი. ჩვენ სხვა ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელიც უკვე გაჟღერებულია და მათ შორის ინიციატივები იქნება პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაშიც. მთავრობის ამოცანა, სტრატეგიული ხედვა არის წავშალოთ ის ზღვარი, რომელიც დღეს არსებობს თაობებს შორის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხევვაში, ამ ადამიანების შესაძლებლობები რეალურად გამოუყენებელია“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრისგან წამოვიდა.
"ჩვენ გვქონდა პრემიერთან საუბარი და ვფიქრობ, სათაურიც სრულად ასახავს ამ პროგრამის არსს“, - აღნიშნა მან.
ფინანსთა მინისტრს ასევე ვკითხეთ, პროგრამა "ცხოვრება გრძელდებას“ ამოქმედების შემდეგ, საგადასახადო შეღავათები შეეხება თუ არა იმ კომპანიებსაც, რომლებსაც უკვე ჰყავთ დასაქმებული პენსიონერები, რაზეც ხადურმა გვიპასუხა, რომ არ იქნება დისკრიმინაცია და ყველა პენსიონერი და მისი დამსაქმებელი იქნება თანაბარ პირობებში, გარდა მაგალითად ისეთი შემთხვევებისა, როცა პენსიონერს აქვს ძალიან მაღალი ხელფასი. ასევე კითხვაზე - თუ დაითვალა უკვე მთავრობამ, რამდენი პენსიონერია ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული, ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ახლა ითვლიან.
"ვანგარიშობთ; პენსიონერთა დასაქმების აღრიცხვიანობის ნაწილში გვაქვს გარკვეული პრობლემები. მათი ნაწილი ვაჭრობაშია დასაქმებული და ა.შ. ამით ბაზაც მოწესრიგდება. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო და შემოსავლების სამსახურის მომსახურების სააგენტო ვმუშაობთ იმაზე, რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ პრემიერ-მინისტრს“, - განუცხადა „ბიზნესკონტრაქტს“ ხადურმა.
რაც შეეხება ბიზნესმებების მოსაზრებებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, „ბიზნესკონტრაქტმა“ მათაც ჰკითხა - უკავშირდება თუ არა პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ წინასაარჩევნოდ პენსიონერების გულის მოგებას. ისინი ტრადიციულად ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან.
"არქი ჯგუფის“ დამფუძნებელ ილია წულაიას აზრით, თუ პენსიონერების დამსაქმებელი კომპანიები გარკვეულ საგადასახადო შეღავათს მიიღებენ, ეს მათთვის მოტივაცია იქნება. პრემიერის ინიციატივა საინტერესოდ ეჩვენება კომპანია „კულას“ დამფუძნებელ ვანო გოგლიძეს და ამბობს, რომ მის კომპანიაში დასაქმებული ადამიანების 40%-ზე მეტი ისედაც პენსიონერია. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კი ამბობს, რომ „ადრე თუ გვიან ყველა დავბერდებით“, ამიტომ ინიციატივა ჰუმანურია და ახლა მთავარია, შეირჩეს სწორი ეკონომიკური მოდელი, რომ ამ პროგრამამ იმუშაოს.
"დასაქმებული პენსიონერების რიცხვი უნდა გაიზარდოს. ახლა ერთეული პენსიონერები არიან დასაქმებულები. ალბათ ამაზე საუბრობდა პრემიერი. მე როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ ბიზნესმენს, მართლა მომეწონა ინიციატივა. ჩვენც ვერ გავექცევით სიბერეს, ჩვენც შევალთ საპენსიო ასაკში და მაშინ თუ გვერდში დაგვიდგება ხელისუფლება და კომერციული სტრუქტურები, ეს თითოეულ ჩვენგანს მეტ ხალისს და ბედნიერებას შეგვძენს. ვფიქრობ, აღომოჩნდება ბევრი ორგანიზაცია, კომერციული სტრუქტურა, რომელიც საგადასახადო შეღავათების გამო ამ ნაბიჯს გადადგმს და არაფერს წააგებს. ზოგიერთი ჩვენი ბრენდი უბრალოდ ამ ინიციატივას ვერ გამოიყენებს თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ისეთი კომპანიებიც გვაქვს, სადაც ასაკიანი ადამიანების დასაქმებაა შესაძლებელი“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.
"სხვათაშორის, როცა ამ პროგრამის შესახებ გაჟღერდა, გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ „არქი ჯგუფში“ დაახლოებით, 7 პენსიონერი გვყავს დასაქმებული სხვადასხვა პოზიციებზე. ვფიქრობ, კომპანიებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება რომ დაასაქმონ პენსიონერები, თუ ისინი პროფესიონალები იქნებიან. გასაგებია, რომ მარკეტინგში ან ახალ ტექნოლოგიებში დასაქმება შეიძლება პენსიონერებისთვის შესაბამისი არ იყოს, მაგრამ არის სფეროები, იგივე მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, სადაც მათი საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძლება ჰქონდეს, თან საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვისაც მოტივაცია იქნება. საგადასახადო შეღავთის ხარჯზე, რა თქმა უნდა, კომპრომისი არ მოხდება. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ 40 და 65 წლის ადამიანებს შორის პროფესიონალიზმის კუთხით დიდი სხვაობაა, ბუნებრივია, საგადასახადო შეღავათის გამო, არჩევანი პენსიონერზე არ გაკეთდება, მაგრამ თანაბარ სიტუაციაში არჩევანს გააკეთებ პენსიონერებზე. თუმცა ამ შემთხვევაში სფეროსაც გააჩნია. ყველა სფეროში რთული იქნება ასეთი კადრების მოძიება“, - განაცხადა ილია წულაიამ.
"ამ პროგრამის განხორციელებით სამმხრივ ეფექტს მიიღებს ქვეყნა: პირველი - დასაქმდება პენსიონერები; მეორე - ახლაგაზრდა თაობა, რომელიც უნივერსიტეტებში სწავლობს, ვერ იღებს საკმარის ცოდნას, ამიტომ გამოცდილ კადრებს შეეძლება მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და გადასცენ; მესამე - დამსაქმებელი კომპანიები, მწარმოებლები მიიღებენ საგადასახადო შეღავათს. „კულაში“ დღეს 300-მდე ადამიანია დასაქმბული და აქედან 40%-43% პენსიონერია“, - განაცხადა ვანო გოგლიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული პროგრამის - „ცხოვრება გრძლდება“, პრეზენტაცია უახლოეს დღეებშია დაგეგმილი და პროექტის შესახებ ყველა დეტალი სწორედ მაშინ გახდება ცნობილი.
უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ძალები საზოგადოებას მსგავსი ოპტიმისტური სათაურების მქონე პროგრამებით ყოველთვის ანებივრებდნენ. ალბათ ყველას ახსოვს 2012 წელს საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველოც“.