ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარებას უნდა ველოდოთ და კურსი აუცილებლად გამყარდება.
როგორც ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია.
"მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი, პირიქით, გაუმჯობესებულია. მათ შორის, გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით, რადგან ნოემბრის ბოლოს - დეკემბერში აზიის განვითარების ბანკიდან თანხები ჩამოირიცხება. ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და კურსი აუცილებლად გამყარდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ „საქართველოს სავალუტო ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე, ერთჯერადი ტრანზაქციები ახდენს გავლენას და შემდეგ ამას აქვს გამოძახილი".
ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ ოპონენტები ნეგატიური მოლოდინების შექმნას ცდილობენ, რაც მოქალაქეების აჟიოტაჟურ ქცევაზე გავლენას ახდენს.
"სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ შექმნან ცუდი მოლოდინები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ცუდი მოლოდინების არანაირი საფუძველი არ არსებობს მაკროეკონომიკურად და ეს ყველაფერი არაერთხელ გაჟღერებულა როგორც სებ-ის, ისე ჩვენი მხრიდან და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ არ იზარალონ", - განაცხადა ხადურმა.
ცნობისთვის, დღეისათის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაშია 2.41 ნიშნულზეა, თუმცა სავალუტო ჯიხურებში 2.43-2.47-ის ფარგლებში მერყეობს.