საქართველოს ხელისუფლებას კომერციული პალატების ჩამოყალიბებაში დონორები დაეხმარებიან, - ინვესტორთა საბჭოს ოქმის მიხედვით, ინიციატივის ტექნიკურად მხარდასაჭერად რამდენიმე დონორი დაინტერესდა.
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელის მარიამ მეღვინეთუხუცესის განცხადებით, საქართველოს სასამართლოში შექმნილი მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე; საბჭოს სხდომაზე იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა ინიციატივა კომერციული და საგადასახადო პალატების შექმნის თაობაზე საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებში. ამასთან, ინვესტორთა საბჭო და იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლობენ დონორების მოსაძიებლად, რომლებიც დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლებას კომერციული პალატების ჩამოყალიბებაში.
საბჭოს ოქმში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dechert -ისა და და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით ჩამოყალიბდა კომერციული პალატების კონცეფცია, თუმცა როგორც „საქმის კურსს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს კონცეფციაზე მუშაობა დასრულებული არაა.
„დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას, თუკი საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას მისი განხორციელებისთვის. იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ევრობანკს, კომერციული პალატების ახალი მოსამართლეების შერჩევისა და მათთვის ტრენინგ-პროგრამების ორგანიზებაში დახმარების თხოვნით“, - ვკითხულობთ ინვესტორთა საბჭოს ოქმში. ამასთან, GIZ-მა გამოხატა კომერციული პალატების შექმნის ინიციატივაზე RIA-ს (რეგულირების გავლენის ანალიზის) ჩატარების სურვილი.
ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის დირექტორმა, აღნიშნა რომ, სასამართლო რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც ინვესტორთა საბჭო მუშაობს და გამოხატა რწმენა, რომ შემოთავაზებული გამოსავალი გონივრულია და იძლევა ნდობის მაღალი ხარისხით აღჭურვილი ახალი ინსტიტუტის შექმნის შესაძლებლობას. ამასთან, ბალვანერას განცხადებით, საჭიროა იქნება პოტენციური საკონსტიტუციო ცვლილებების დროული გააზრება ამ პალატების ჩამოყალიბებისთვის და ასევე პროცესების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ამ ახალი ინსტიტუტისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასაჩენად.