ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ენერგეტიკული სასმელი NR.GE გამოჩნდა. უალკოპოლო სასმელის წარმოება კომპანია "ქართულმა ლიმონათმა" დაიწყო, რომელიც პარალელურად ლიმონათ "ხილიანს" უშვებს.
როგორც „ბიზნესკონტრაქტთან“ კომპანიის ხელმძღვანელი ვარაზ ასპანიძე აცხადებს, მათი მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად პოლონურ ენერგეტიკული სასმელები შემოდის.
მწარმოებელი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად, რაც ქართულ ენერგეტიკულ სასმელს კონკურენტულს ხდის, მისი ფასია. ამ ეტაპზე კომპანია სასმელს მაღაზიებს 80 თეთრად აწვდის. ასპანიძე ამბობს, რომ სასმელი ზუსტად იმ ნედლეულით მზადდება, რითიც საქართველოში იმპორტირებული სხვა ენერგეტიკული სასმელები.
"ზოგადად "რედბულის" და სხვა კომპანიების მაღალი ფასი არ განსაზღვრავს, რომ ის უფრო მაღალხარისხიანია. მაღალი ფასი მათი მხრიდან არის მარკეტინგული სვლა, დიდი თანხები იხარჯება მარკეტინგში და ეს ფასიც არის საიმიჯო",- აცხადებს ვარაზ ასპანიძე.
მისივე თქმით ზოგადად ენერგეტიკული სასმელების ბაზარი მზარდია, არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ქართველ მწარმოებელს NR.GE-ს გატანა მეზობელ ქვეყნებშიც სურს.
"საქართველოს შეუძლია რეგიონში გახდეს ენერგეტიკული სასმელების მიმწოდებელი. ამის პოტენციალი არსებობს, გამომდინარე წყლის რესურსებიდან, გამომდინარე თუნდაც ლიმონათის წარმოების დიდი ტრადიციიდან",- აცხადებს ვარაზ ასპანიძე.
მისი ინფორმაციით, ენერგეტიკული სასმელი NR.GE ბაზარზე მეორე თვეა, რაც გამოჩნდა, თუმცა, მარკეტინგული აქტივობები კომპანიას ჯერ არ დაუწყია.